
ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები გაუმჭირვალედ მიმდინარეობს, რაც აჩენს ეჭვებს სასამართლო კლანის მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო პერიოდში საჯარო ინფორმაციას ვებგვერდზე აღარ აქვეყნებს.
"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რატომღაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გადაწყვიტა, რომ ის ინფორმაცია, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს ვებგვერდზე და გადაწყვეტილებები მოსამართლეების დანიშვნების შესახებ იქნება ეს, გადაყვანების, თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში, ვებგვერდზე აღარ გამოაქვეყნოს. ეს ხალხი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედებენ კლანურად, და ცდილობენ, რომ თავისი გავლენებით, ნათესაური კავშირებით თუ ოჯახის წევრებით, დაუმალონ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
გარდა ამისა, ჯანეზაშვილი ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოც და სასამართლოებიც, ხშირ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ პასუხსაც კი აღარ აგზავნიან.