"ნაცემი იყო, მატყუებდნენ, ძალით ვაძინებთო და თურმე კომაში ყოფილა" | შიდა ქართლში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ, რასაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 33 წლის ლევან გვიმრაძე სოფელ კარბში, სარწყავ წყალთან დაკავშირებულ კონფლიქტს ემსხვერპლა.

ახალგაზრდას ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანებები 70 წლამდე ასაკის ქალმა მიაყენა. გვიმრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 1-კვირიანი მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

70 წლამდე ქალი დაკავებულია და იზოლატორშია გადაყვანილი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახში თვლიან, რომ ბრალდებულ პირთა წრე უნდა გაიზარდოს, ვინაიდან მათი თქმით, ლევან გვიმრაძეს თავდაპირველად დაზიანებები დაკავებულის შვილმა მიაყენა.

"გადმომხტარან იქ, მუშები ჰყავდა იმ ბიჭს, ისინიც წამოსულან. არ ვიცი რა გააკეთა ამ ბავშვმა ისეთი, რომ ყველა იერიშზე წამოსულა. ამასაც რა ვიცი, ინსტიქტურად მოვიქნიე თოხიო, 5 ერთზე მოდიოდაო... ნაცემი იყო. 7 დღე ებრძოლა, მე მატყუებდნენ, ძალით ვაძინებთო, თურმე კომაში ყოფილა ბავშვი“, - ამბობს გარდაცვლილის დედა, თამარ ქობულაშვილი.

დამნაშავეების დასჯას ითხოვს ასევე ლევან გვიმრაძის მამა, ბიჭიკო გვიმრაძე:

"შვილი კი არ მომიკვდა, მომიკლეს. მომიკლა ლევანიმ და თავის დედამ. დედაა დაკავებული და რატომ შვილს არ აკავებენ? ინიციატორი და წამომწყები ის იყო. იმისგან იყო და თავის მუშებისგან ნაცემი“, - ამბობს ბიჭიკო გვიმრაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი