პოლიციელების მიერ გატაცებული და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მოკლული ზურაბ დადეშელის ოჯახის გაბრაზება საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. უსასტიკესი დანაშაულის დაგეგმვასა და შესრულებაში ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
დაისაჯა საქმეში მონაწილე ხუთი ბრალდებული. ზურაბ ჯღარკავას, იგივე ზურაბ ბარბაქაძეს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის, ვინც დადეშელი სახლიდან გამოიყვანა და პოლიციელებს გადასცა, ციხეში ცხრა წლით გაუშვეს. დადეშელის გატაცებასა და კრიმინალებთან მიყვანის გამო ორ მოქმედ პოლიციელს დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ ყოფილ პოლიციელს დიმიტრი დუღაშვილს კი გისოსებს მიღმა ყოფნა ცხრა წელი მოუწევს.
როგორც ჩანს, სასამართლოსთვის უსაფუძვლო აღმოჩნდა გიორგი ასათიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ფაქტია მის წინააღმდეგ არ არსებობდა მტკიცებულებები. მისი უდანაშაულოდ ცნობა კი შეიძლება ღიად ითქვას, რომ დაკავებული პოლიციელების დანაშაულია. პირველი დღეებისგან განსხვავებით, მათ გამოძიებასთან თანამშრომლობა აღარ ისურვეს და ცხრათვიანი განხილვების დროს კრიმინალური ავტორიტეტების მსგავსად დუმილი აირჩიეს. პროკურატურის საფუძვლები შესუსტდა.
არადა, 2019 წლის ექვს ოქტომბერს, როდესაც მოქმედი სამართალდამცველები დააკავეს, მათ ყველაფერი აღიარეს. დანაშაულის დამგეგმავები და შემსრულებლები დააკავეს და საქმეც გახსნილად გამოცხადდა.
მე დავით მუმლაძე ხელებზე ბორკილებდადებული გადავიყვანე ჩვენი მანქანიდან, ამ დროს ვერცხლისფერი მერსედესის მარკის ავტომობილიდან გადმოვიდნენ ზურაბ ჯღარკავა და გიორგი ასათიანი და მოგვიახლოვდნენ მე და დავით მუმლაძეს. ამის შემდეგ მე დავტოვე ჩემი სიძე ზურაბ ჯღარკავა და გიორგი ასათიანი.
ეს ჩვენება პოლიციელმა მიროტაძემ გამომძიებლებს 2019 წლის ექვს ოქტომბერს მისცა. აღიარა, რომ კრიმინალური ავტორიტეტების დავალება კიდევ ერთ მოქმედ პოლიციელთან მიხეილ ღუბიანურთან და ყოფილ კოლეგა დიმიტრი დუღაშვილთან ერთად შეასრულა. ისიც აღიარა, რომ ამაში სიძისგან სოლიდური თანხა მიიღო და თანამზრახველებსაც გაუნაწილა. კოლეგებს ისიც ხაზგასმით უთხრა, რომ კარგად დაგეგმილი დანაშულებრივი ოპერაციის დროს, პოლიციელის ფორმებში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი - იგივე დავით მუმლაძე უკანონოდ გაიტაცეს, ხელზე ბორკილები დაადეს და ზურაბ ჯღარკავასა და გიორგი ასათიანს რუსთავში გადასცეს. მძევლის გადაცემის შემდეგ კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დადეშელს 31 ჭრილობა მიაყენეს და მოკლული მდინარე მტკვარში ჩააგდეს.
როგორც ჩანს, პოლიციელებთან ისევ კრიმინალებმა დაალაგეს საქმე და სასამართლო პროცესზე გააჩუმეს. მითუმეტეს, რომ მკვლელი ჯღარკავა პოლიციელ მიროტაძის სიძეა. კითხვის ნიშნები აღარ რჩება, როცა უკვე დადასტურებულია, რომ ბოლო დროის ყველაზე სასტიკი მკვლელობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და კრიმინალებმა ერთად დაგეგმეს.
10 წლით თავისუფლების აღკვეთა მძიმე სასჯელია, არ არის გამორიცხული ისევ საკუთარი თავის გადასარჩენად მსჯავრდებულმა სამართალდამცველებმა ჩვენებები სააპელაციო სასამართლოში მისცენ.