თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფებს პირველი მანქანა არაგვზე გამავალი ხიდის კუთხეში 19 ივნისის ღამის 00:37:12 საათზე დაეწია. კადრშიც ჩანს, რომ ავტომობილმა ახალგაზრდებისკენ გზეზე მდებარე სამრეცხაოსთან გადაუხვია და მანქანა წინ გაუჩერა.
საქმის მასალებით უკვე დადასტურებულია, რომ ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის კუთვნილ "მერსედესის"
მარკის ავტომობილში მასთან ერთად მორაგბე ნიკა ჟვანია, ველომრბოლელი თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე და ორი არასრულწლოვანი ისხდნენ.
საქმეში არსებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ უკანა მარჯვენა კარიდან გადმოსული ახალგაზრდა გადმოსვლისთანავე, მიწიდან, სავარაუდოდ, ქვას იღებს. ეს დაინახა შაქარაშვილთან მყოფმა ფოოტოგრაფმაც, რომელიც ჩვენებაში უთითებს იმასაც, რომ მანქანიდან გამოსულ ერთ-ერთ პირს ხელში რკინის ნივთიც ეჭირა.
ავტომანქანიდან გადმოსულ ერთ-ერთ ბიჭს ხელში ეჭირა რკინის ჯოხი. ხოლო მეორემ, მასთან ერთად მყოფმა, აიღო მიწიდან ქვა. ამის დანახვაზე შემეშინდა და გავიქეცი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მშენებარე შენობისკენ. ავედი მეორე სართულზე, სადაც დავიმალე.
იაკობ ბრეგვაძე, მომდენო რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაპირისპირებას მშენებარე შენობიდან აკვირდებოდა. პირი კი, ვის ხელშიც მან რკინის ჯოხი დაინახა, მორაგბე ნიკა ჟვანიაა.
გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან. გადმოსვლისას მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით ორმოცი სანტიმეტრის სიგრძის რკინის მილი. ზემოაღნიშნული რკინის მილი, რომელიც გადმოვიტანე მანქანიდან და მეჭირა მარჯვენა ხელში. მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს.
ის, ვისაც მორაგბე ჟვანიას მოქნეული რკინის მილი მოხვდა, შაქარაშვილთან ერთად მყოფი კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დიჯეი კოკოა.
ჩემთვის უცნობი მიზეზით, ანუ სრულიად უმიზეზოდ მომიახლოვდა მათგან ერთ-ერთი პიროვნება და მომიქნია გრძელი, მყარი საგანი, რომელიც ერთხელ მომხვდა მარჯვენა ფეხში, კერძოდ ბარძაყში, რასაც ჩემში ფიზიკური ზიანი და ტკივილი არ გამოუწვევია. ამ დროს, ჩემთან ერთად მყოფი ხუთივე პიროვნება, მათ შორის ჩემი ახლო მეგობრები, გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი, შაქარაშვილი და მისი ორი მეგობარი. მათ დანახვაზე უცბათ გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით, ანუ არაგვის ხიდის მიმართულებით. მათ უკან დაედევნენ ზემოთ აღნიშნული ავტომანქანით მოსული პიროვნებები, მათ შორის ის პიროვნებაც დაედევნა, რომელმაც მყარი საგანი დამარტყა მარჯვენა ბარძაყში, ხოლო მე გავიქეცი მარტო ქალაქ თბილისის მიმართულებთ.
დიჯეი კოკოს გაქცევა იმავე სამრეცხაოს მეორე კამერას აქვს დაფიქსირებული. იმას, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს თბილისის მიმართულებით უყურებს. მასალის მიხედვით, კოკო ღიბრაძე კადრში 00:37:36 საათზე ჩნდება. ანუ, ის "მერსედესის" გაჩერებიდან 24 წამში გარბის. ღიბრაძე გამვლელი ავტომობილის გაჩერებას უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე ცდილობს. ბოლოს გამვლელ ტაქსს აჩერებს და თბილისში მოყვება.
ღიბრაძის გაქცევის შემდეგ, "მერსედესი" ადგილზე კიდევ ორი წუთი და 11 წამი ჩერდება. ამ დროში ისინი სცემენ გიორგი ქატამაძეს და ვახო ახვლედიანს. საქმის მასალებით, ამ დაპირისპირებისას ყველაზე მეტი ქათამაძეს მოხვდა. მოწმეთა ჩვენებით, მისი ცემა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როცა ის მიწაზე დავარდა. ამირხანაშვილის ჩვენებით, დაპირისპირების დაწყებისას ის და შაქარაშვილიც გაიქცნენ და მოშორებით დადგნენ. "მერესედესი" 00:39:37 საათზე ისე მიდის, რომ მანქანაში მსხდომები შაქარაშვილსა და ამირხანაშვილს არ ეძებიან.
ამის შემდეგ, კადრში ცუდად, მაგრამ მაინც ჩანს, რომ სამი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ძირსდაცემულ ქათამაძესთან მიდის. ხიდის პირველი ეპიზოდი ამით მთავრდება. ექვსი ახალგაზრდიდან, რომელიც წვეულების შემდეგ თბილისში დაბრუნებას ერთად ცდილობდა, ადგილზე მხოლოდ ოთხი რჩება. დიჯეი კოკო თბილისშია, ფოტოგრაფი ბრაგვაძე კი თავის სამალავში.
მეორე მანქანა, "ტოიოტა ქამრი" იმავე სათვალთვალო კამერის ობიექტივში 00:43:34 საათზე ჩნდება. ანუ, "მერსედესის" წასვლიდან 4 წუთსა და 57 წამში. საქმეში დადასტურებულია, რომ ვახო ჩიქოვანის ავტომობილში მის გარდა სხედან მორაგბე ვასო მახარაძე, ასევე მორაგბე არჩილ გაგნიძე, ელექტროსისტემის ინჟინერი ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი.
მანქანის მგზავრები ჩვენებებში ყვებიან, რომ დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თბილისში ჩამოსულები უკან ორი არასრულწლოვანი მეგობრის ჩამოსაყვანად დაბრუნდნენ. ამ მოტივით ჯერ მივიდნენ აგარაკზე, თუმცა, იმის გამო, რომ იქ მათი მეგობრები აღარ იყვნენ, მანქანა ნატახტართან მოატრიალეს და ისევ თბილისში დაბრუნდნენ. არაგვზე გამავალი ხიდის გადასვლის შემდეგ კი გზად ოთხი ახალგაზრდა დაინახეს. მანქანის გაჩერების მიზეზს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ასე ხსნის:
ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ მდინარე არაგვის ხიდთან გზაზე დავინახეთ, როგორც მახსოვს, ოთხი პირი, რომელთა დანახვაზეც ვახტანგ ჩიქოვანმა დაიძახა, რომ ესენი არიან ვინც მცემა.
კადრებში ჩანს, რომ მანქანის გაჩერების შემდეგ გზის პირას მდგარი გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დასავლეთის მიმართულებით გარბიან. "ქამრის" მგზავრები კი მათ მისდევენ. მანქანიდან გადმოდის მძღოლიც - კადრების კარგად დამუშავების შემდეგ ყურადღებას სწორედ ვასილ მახარაძე იქცევს. გაქცევისას მისი მარჯვენა ხელის მოძრაობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას ხელში რაღაც მყარი საგანი უჭირავს. რა, უცნობია - ამის შესახებ საქმის მასალებში ინფორმაცია არ მოიპოვება.
ერთი წუთის და 11 წამის განმავლობაში, ავტომობილი ფარებანთებული იმავე ადგილას დგას, სადაც გააჩერეს. ამის შემდეგ, ავტომობილთან ბრუნდება ისევ მახარაძე. ადგილზე ატრიალებს, რამდენიმე მეტრს გადის და ავტომობილს ცხვირით დასავლეთისკენ ტოვებს. გადმოდის და ისიც იმ მამართულებით მიდის, სადაც შაქარაშვილსა და სხვებს მისი მანქანის მგზავრები დაედევნენ.
ამის შემდეგ მასალაში 6 წუთი და 33 წამი არაფერი ჩანს. მანქანა ხიდის კუთხეში დგას. შაქარაშვილსა და დანარჩენებს კი მოპირდაპირე მხარეს ეძებენ. ამ დროის განმავლობაში მომხდარი, მხოლოდ ჩვენებით შეიძლება აღდგეს.
უკვე ნაცემი გიორგი ქათამაძე ჩვენებაში ამბობს, რომ სირბილისას შეუძლოდ გახდა და ცენტრალურ მაგისტრალებს შორის ბუჩქებში დაიმალა.
შემეშინდა, რომ კიდევ არავის ვეცემე და მაშინე გავიქეცი ხიდის მიმართულებით. ჩემს წინ ასევე გარბოდა ვახტანგ ახვლედიანი. რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ, მე გავხდი შეუძლოდ. ვეღარ გავაგრძელებდი გზას, მე დავინახე, რომ ხიდზე, გამყოფ ზოლში იყო ბუჩქები, რის გამოც მე კვლავ გადავკვეთე გზის სავალი ნაწილი და დავიმალე გზის სავალ ნაწილებს შორის არსებულ ბუჩქებში.
ვახო ახვლედიანისა და გური ამირხანაშვილის ჩვენებებით კი გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ამ გაქცევისას დაინახეს. გამოძიებისთვის მიცემულ ინფორმაციაში ორივე ამტკიცებს, რომ 19 წლის ფეხბურთელი მათ წინ გარბოდა, თუმცა ამბობენ, რომ მისი კვალი მაშინ დაკარგეს, როცა საკუთარი სამალავები იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილი მირბოდა წინ. შემდეგ მიყვებოდა ახვლედიანი და უკან მივყვებოდი მე. გადავირბინეთ დასავლეთის მიმართულებით არსებული ავტობანიც, რა დროსაც, გიორგი შაქარაშვილმა და ვახტანგ ახვლედიანმა ჩაუხვიეს მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ გზაზე, ხოლო მე პირდაპირ გავიქეცი. რა დროსაც, გზის გვერდით, მარჯვენა მხარეს დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი შენობის მიმართულებით.
ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ, გაჩერდით სად გარბიხართო და თან გვაგინებდნენ. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს.
სადამდე სდიეს ან დაეწივნენ თუ არა შაქარაშვილს, ჩვენებებში არ ჩანს. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ დევნის შემდეგ გაუჩინარდა. საქმის მასალებით ისიც დგინდება, რომ "ქამრის" მგზავრები იქამდეც იყვნენ ჩასულები, სადაც ბოლოს შაქარაშვილი გარბოდა.
როდესაც გაქცეული პირები მოეფარნენ თვალს, მე მივედი იმ ადგილას, საიდანაც ისინი მოეფარნენ თვალს. ჩავედი და ხელმარჯვნივ ხიდის ქვევით გავყევი მოასფალტებულ გზას. მოასფალტებულ გზაზე მე ფეხით გავიარე მაქსიმუმ 15-25 მეტრი მანძილი, მაგრამ ჩემს გარშემო და წინ ვერავინ დავინახე გარდა ჩემთანერთად მომავალი არჩილ გაგნიძისა, რომელიც მოდიოდა ჩემთან ერთად, ჩემს გვერდით, მანქანის უკანა სავრძელზე მჯდომი სამი ახალგაზრდიდან ორი ახალგაზრდისა.
მოასფალტებულ გზაზე მე ფეხით გავიარე მაქსიმუმ ასი მეტრი მანძილი, მაგრამ ჩემს გარშემო და წინ ვერავინ დავინახე გარდა ჩემთან ერთად მომავალი, ჩვენი მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომ ოთხთაგან ორი ახალგაზრდისა. მე მოვტრიალდი და ფეხით წამოვედი უკან. აღნიშნული ორი ახალგაზრდაც გამომყვა უკან.
ჩვენ მივსდევდით აღნიშნულ ოთხ პიროვნებას დაახლოებით 80 მეტრი. გაქცეული ოთხი პიროვნებიდან ჩაირბინა ერთმა პიროვნებამ იქვე არსებულ ჯიხურთან. ხოლო დანარჩენი სამი არ დამინახავს, თუ რა მიმართულებით გაიქცნენ.
ქამრის მგზავრების ამ ჩვენებებით, მათ შაქარაშვილი ვერ იპოვეს და ბევრიც არ უძებნიათ. რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, ინდივიდუალური და გამოძიების შეფასების საგანია. საქმის მასალებით კი ექვსი წუთის შემდეგ, ვასო მახარაძე მანქანასთან ისევ ბრუნდება, ქოქავს და თბილისის მიმართულებით მიდის. თუმცა, გზად საგურამოსთან ატრიალებს და უკან ბრუნდება იმისთვის, რომ მგზავრები ჩაისვას. როგორც თავად ამტკიცებს, მოსატრიალებლად დაახლოებით ხუთი წუთი სჭირდება.
"ტოიოტა ქამრის" ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, სამალავიდან გამოდის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე. ის გადადის საავტომობილო გზაზე იმისთვის, რომ დასავლეთისკენ გაქცეული პირები ნახოს. ჩვენებაში წერს, რომ გზაზე გადასვლის შემდეგ, "ქამრი" მოპირდაპირე მხარეს ხვდება.
ვინაიდან აღარ ჩანდა მოსული ავტომანქანა, არც ბიჭები და აღარც ხმა ისმოდა, მე ჩავედი აღნიშნულ ადგილას. მე გადავედი აღნიშნული გზის მოპირდაპირე მხარეს დასავლეთის მიმართულებით, რადგან იქით უნდა წავსულიყავი, საითაც გაიქცნენ ჩემთან ერთად მყოფი ბიჭები. ვინაიდან ზემო აღნიშნული ავტომანქანა, რომელიც მეორედ მოვიდა, იდგა ხიდის ბოლოში კუთხეში, საიდანაც გადმოსულები იყვნენ ჩემთვის უცნობი პირები, რომლებიც ანათებდნენ ტელეფონის ფანარს და რაღაცას ეძებდნენ.
რამდენ ხანს ეძებდნენ გაქცეულებს, მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, უცნობია. გზის მოპირდაპირე მხარე სათვალთვალო კამერებში არ ჩანს. საქმეში არსებული კამერებით კი დგინდება, რომ "ტოიოტა ქამრი", რომელიც კამერების თვალთახედვიდან 00:50 საათზე გავიდა თბილისში, 01:20 საათისთვის ფიქსირდება, როდესაც დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ისინი გური ამირხანაშვილს ტოვებენ. კადრებში ჩანს, რომ მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, ამირხანაშვილი გარკვეულ მანძილს ფეხით გადის.