"მთავრმა არხმა" გუდაურში მომხდარი მკვლელობის ამსახველი მთავარი მტკიცებულება მოიპოვა. ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, რომ მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა. მასალაში სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მათ შორის ჩანს მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სამხედრო. კადრებით ირკვევა, რომ დაპირისპირება დილის 06:00 საათზე დაიწყო. თამაზ გორთამაზაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სამხედრო დაჭრილია. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობდა და მრავლობითი ჭრილობები მიიღო.
"შემოყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობებით, ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. პაციენტის მკურნალობა გაგრძელდა რეანიმაციაში. მდგომაროება რჩება მძიმე, თუმცა მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან,"-აცხადებს მცხეთის საავადმყოფოს დირექტორი დავით ლოლაძე.
შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობით აღძრა. სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.