
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ მისი მამის სიცოცხლე საფრთხეშია.
როგორც ნინი გოგაშვილმა აღნიშნა, "ბიძინა ივანიშვილს არ გაუჭირდება, რომ გოგაშვილის მოკვლა დაგეგმოს".
"მივმართავ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, სახალხო დამცველს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ, რომ დაცული იყოს მამაჩემის სიცოცხლე ახლა, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ახლა ნერვიულობს ოჯახი", - ამბობს ნინი გოგაშვილი.
მისივე თქმით, ოჯახი დარწმუნებული არ არის, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება, თუმცა ბრძოლას აგრძელებენ. ის ასევე ოჯახის წევრებისა და ადვოკატების თვალთვალზე საუბრობს.
"ვფიქრობ, რომ თავად შესაბამისი საგამოძიებო სამსახური დაინტერესდება ამ ფაქტით, რაც ამ განცხადებაშია ნახსენები და დაველოდებით რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. არ გვაქვს იმედი, რომ რაიმე სწორ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლა განსაკუთრებით, რადგან მამაჩემის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ასევე ჩვენიც, რადგან როგორც ხედავთ, სხვადასხვა ტიპის მანქანებია აქ, ჩვენს ადვოკატებსაც დაჰყვებიან, გვითვალთვალებენ", - თქვა ნინი გოგაშვილმა.
სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი აღიარება გაავრცელა. მის წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და შემდეგ ამ მასალების წაშლა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. განცხადებიდან ირკვევა, რომ გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი სუს-მა გააქრო.
ამავე წერილში გოგაშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავს. ამბობს, რომ გომელაურმა სუს-ის თანამშრომლებს "საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინა".
ამავე თემაზე: