სიკვდილი დაკითხვის შემდეგ - პოლიციის ძალადობას 54 წლის კაცი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ერთი წელი საზარელი ტრაგედიიდან. ზუსტად ერთი წლის წინ, კახეთში, ღამის ორ საათზე კაჭრეთის პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოჯახური კონფლიქტის საქმეზე დაწყებული გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 

მთავრიშვილის მეზობლებმა კარგად იციან ამბავი, რომელმაც მაშინ მთელი სოფელი შეძრა, პოლიციის განყოფილებიდან დაბრუნებული ზვიადი თანასოფლელებს იმ ძალადობის შესახებ უყვებოდა, რომელიც მის მიმართ კაჭრეთის პოლიციაში განხორციელდა. კაცს სასიკვდილოდ სცემეს, წყლით გაყინულ ბოთლებს პოლიციის ოთხი თანამშრომელი თავში ურტყამდა.

პოლიციაში მომხდარი ძალადობიდან მეორე დღეს ზვიად მთავრიშვილი შეუძლოდ გახდა, დაზიანებების გამო ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო. კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველწამიერად მძიმდებოდა, მესამე დღეს კი 54 წლის მთავრიშვილი კლინიკაში ჰემორაგული ინსულტით გადაიყვანეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ჯანმრთელ კაცს გაჟონვა მიყენებული ტრამვების გამო განუვითარდა.

გამოძიება წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, თელავში საოლქო პროკურატურას პასუხი არ აქვს, რა მოხდა 2019 წლის 13 აპრილის, ღამეს, კაჭრეთის პოლიციის შენობაში.

მთავრიშვილის საქმე კარგად ახსოვთ იმ განყოფილებაში, სადაც 54 წლის კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "მთავარი არხის" კამერას ყველა დაემალა, ერთადერთი რაც ცნობილია, ყველა პოლიციელი, რომელიც მაშინ მუშაობდა, მუშაობას ახლაც აგრძელებს.

კაჭრეთის პოლიციის განყოფილების თანამშროლებზე გამოძიება თელავის საოლოქო პროკურატურამ დაიწყო. მას შემდეგ ერთი წელზე მეტი გავიდა და მთავრიშვილის საქმის უამრავი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. ოჯახს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, გასაიდუმლოებულია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც უნდა ეწეროს, ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებამდე ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი - გამოიწვია თუ არა პოლიციის შენობაში მიყენებულმა დაზიანებებმა.

მომხდარიდან მალევე, სოფელში, მთავრიშვილების ტრაგედიაზე ღიად საუბარს ყველა ერიდებოდა. ადგილობრივებმა ისიც შენიშნეს, რომ უცნობი პირები კაჭრეთში სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ, სავარაუდო დანაშაულზე ლაპარაკს უკრძალავდნენ, გაჩუმდნენ ოჯახის წევრებიც. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებით სასამართლოც კი არ დაინტერესებულა, საქმე თაროზე გაურკვეველი ვადით შემოდეს.

რატომ დუმს გამოძიება? ვინ მფარველობს მოძალადე პოლიციელებს და რატომ არ აქვს გარდაცვლილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე. სამართალდამცავების მხრიდან, სავარაუდო დანაშაულის ეს ალბათ მორიგი საქმე იქნება, რომელსაც პროკურატურა თაროზე მანამ შეინახავს, ვიდრე, სამართლიანობის სურვილით სიმართლის თქმას არ გადაწყვეტენ, მთავრიშვილების ოჯახი კი პასუხს ისევ ელოდება. რატომ სცემეს მამაკაცს, რომელიც ორ დღეში მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი