პროკურატურამ ე.წ. კრებსების საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს, ქეთი ნადიბაიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
ნადიბაიძემ უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის იმედს გამოთქვამს, რომ სტატუსის მინიჭება ფორმალური ხასიათის არ იქნება და გამოძიებას შესაბამისი შედეგი ექნება.
"მომანიჭეს ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსი. ასევე, გამომკითხეს. წარმომიდგინეს და მაჩვენეს ის ფრაგმენტები ამ კრებსებიდან, რომლებშიც მე ვფიგურირებ და მთხოვეს იმის დაზუსტება, იყო თუ არა ეს ავთენტიკური. მე რა თქმა უნდა დავაფიქსირე და საჯაროდაც არაერთხელ განმიცხადებია, რომ ის ფრაგმენტები, რომელშიც ვფიგურირებ ავთენტიკურია. ახლა მთავარია, ეს წინსვლა არ იყოს ფორმალური და ამას მოჰყვეს შემდეგი ნაბიჯები", - თქვა ქეთი ნადიბაიძემ.
ცოტა ხანში ამავე საკითხზე პროკურატურაში "ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი, მარტა ქურასბედიანი მივა.
აღსანიშნავია, რომ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის წარმომადგენლებმა სარჩელი სტრასბურგში გაგზავნეს.
შეგახსენებთ, კრიტიკული ტელევიზიების 19-ი ჟურნალისტის საუბრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალურად იწერდა და შიფრავდა, რაც მოგვიანებით ე.წ-ი სუს-ის კრებსებით გავრცელდა.