სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, რომ რეგულაციების დაწესებაში დაგვხმარებოდა - პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი

გამოქვეყნდა:

გუდაურში გუშინ მომხდარი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ კურორტზე პარაპლანის ჩამოვარდნას არასრულწლოვანი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

უბედური შემთხვევების რაოდენობის ზრდას სპეციალისტები უსაფრთხოების რეგულაციებს უკავშირებენ, რომელიც დაცული არ არის.

პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკითხის მოსაგვარებლად რეგულაციები დიდი ხანია შემუშავებული აქვთ, თუმცა ხელისუფლება პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

"სახელმწიფო თავად აცხადებს, რომ არსებობს რაღაც გამოწვევები, რომელსაც თავად ვერ უმკლავდება. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო გომელაურს, რომ ჩვენ, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას გვაქვს უკვე შემუშავებული წესები, ასევე გვაქვს რეგულაციები, რომელსაც წლებია ვითხოვთ, რომ მოვიყვანოთ კანონით. თუმცა, სახელმწიფოსთან მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი მოლაპარაკებები. სახელმწიფოს აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს იმისთვის, რომ დაგვხმარებოდა წესების და რეგულაციების კანონით მოყვანაში", - ამბობს პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი, მარიამ ბაბუნაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა ვერტმფრენმა, რომელიც დაშავებულის ამოსაყვანად მიდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ჯამში ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის უცხოელი ტურისტის. ცხედრები შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოყვანილი და ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი