ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი იწყება. სხდომაზე 8 დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა თქვა, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე უწყება "უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს", შესაბამისად, ბრალდების მხარე რვავე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ბრალდებულებს, მოგეხსენებათ ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული, ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი. რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. სხვა ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს", - თქვა პროკურორმა.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, დავით ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად კონფლიქტი გიორგი ხორავასა და მირიან კუკავას შორის, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო დაიწყო.
"კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა და ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღეს მონაწილეობა ხულიგნობაში, ეს არის ხულიგნობა, იმიტომ რომ იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც მიცემულია პასუხისგებაში", - თქვა დავით ყაზარაშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულების გათავისუფლება აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ან გირაოთი უნდა მოხდეს, რადგან პროკურატურას ამ ეტაპზე მათ წინააღმდეგ "მტკიცებულებები არ აქვს".
"ეს არის ჯერ გამოკითხივს ოქმების დონეზე მიწოდებული ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში ერთამენთს ეწინააღმდეგებოდა ეს ოქმები და გვეცოდინება უფრო ნათელი სურათი ძალიან მალე. ბრალდება მიგვაჩნია აბსურდულად. ბრალდების მხარე დაობს წინასწარი შეთახნმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობაზე. რამდენადაც წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება გიორგი ხორავას მიერ ხულიგნობის ჩადენა, მით უმეტეს, ჯგუფთან ერთად. შესაბამისად, აბსოლუტურად უარყოფით დამოკიდებულება გვაქვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე გიორგი ხორავას მიმართ", - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ხორავას ადვოკატი.
შეგახსენებთ, დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათგან 5-ს ბრალი 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.