ცრუ ჩვენებს რასთან მიმართებაში ედავებიან გაუგებარია - კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისა და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულების ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე არ ეთანხმებიან.

ერთ-ერთი უფლებადამცველი ამბობს, რომ სახელმწიფო ბრალდება, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცრუ ჩვენებასა და გამოძიებისთვის შეუტყობინებლობას ედავება, თუმცა სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბაზაძის ადვოკატმა პროკურორისგან არგუმენტები ვერ მოისმინა. დაკავებული ბაზაძე, მირიან კუკავას მეგობარია, რომელიც საბედისწერო დაბადების დღეზე მოკლეს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან ცრუ ჩვენების და შეუტყობინებლობის ბრალდებას, ამასთან ეს ბრალდებები იმდენად აბსტრაქტულია, კონკრეტულად ცრუ ჩვენებს რასთან მიმართებაში ედავებიან, ჩვენთვის დღემდე გაუგებარია. ბრალში წერია, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში მისცეს ცრუ ჩვენება, თუმცა პროცესზე სხვა რაღაც განმარტა პროკურორმა, თქვა რომ ხულიგნობასთან და ჩხუბთან მიმართებაში მეტ კონკრეტიკას ითხოვდნენ ბავშვისგან, ბიჭისგან, რომელსაც 48 საათი არ ეძინა, იცოდა, რომ მეგობარი მოუკლეს. 

ფორმალურად, ჩვენ აუცილებლად გვასაჩივრებთ, თუმცა რომ გითხრათ, რომ მისი გამოშვების ამ ეტაპზე გამოყვანის დიდი იმედი მაქვს, მოგატყუებთ", - ამბობს ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვლი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება.

ბრალდებულები სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ. 8-ვე დაკავებული ზემდგომ ინსტანციას მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი