მცხეთის პოლიციაში ამ წუთებში ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს - გოგონა, რომლის დაბადების დღეზეც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, რასაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, ჩვენებას მეორედ აძლევს.
ანა გაბეჩავა, რომელიც მედიასთან პირველად გამოჩნდა, კამერებთან არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარა და ბულინგი მიმდინარეობს და გამოძიებასთან ამ თემასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.
მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ მოსულები გამოკითხვაზე. ხორციელდება ბულინგი, ზეწოლა, - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის 10 ტომიან საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული და შესაძლოა, შეცვლილია კიდეც.
როგორც წესი, ჩვენებებში ურთიერთწინააღმდეგობა იწვევს საქმისთვის საზიანო შედეგის დადგომას, ერთი მხრივ, შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, ვისაც ჩვენებებში განსხვავება აქვს და ურთიერთსაწინააღმდეგ ჩვენებებს აძლევს, და მეორე მხრივ, ეს საქმეს აზარალებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საბა ჩხარტიშვილი პირველივე გამოძახებაზე მივიდა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო, გულწრფელი და ამომწურავი ჩვენება მისცა და ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მისი ხელმეორედ გამოკითხვის აუცილებლობა აღარ დამდგარა, - ამბობს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
ზოგიერთი დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მოწმეთა ნაწილი გარკვეულ პიროვნებებს აფარებდნენ ხელს.
ცალსახად ერთია, რომ შესაძლებელია თვითონ ახალგაზრდები ცდილობენ კვალის დაფარვას ან მინიმუმ, ინფორმაციის არ მიწოდებას და აფორმირებენ არასწორ ჩვენებებს. მეორე მიმართულებაა რომ მაგალითად დავუშვათ გამოძიებაში ცდილობენ, ჩვენებები იმ კუთხით წავიდეს, რომ აირიოს სისხლის სამართლის საქმე, - ამბობს უფლებადამცველი გიორგი ყიფშიძე.
"მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დაკავებულის ადვოკატს საქმის სრული მასალა გადაცემული არ აქვს.