თბილისის საქალაქო სასამართლოში "ანტიკორუფციული მოძრაობის’’ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
დღეს ერთ-ერთი მოწმის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, დავით ბალანჩივაძის გამოკითხვა იგეგმება. პროცესის დაწყებამდე ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა, ლაშა ფარულავამ და ვასო ურუშაძემ მოსამართლის მიკერძოებულობის შესახებ მტკიცებულებები წარადგინეს.
ვასო ურუშაძის თქმით, მოსამართლეს სურს, რომ გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს.
სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ფორსირებულ რეჟიმში. ბატონ მოსამართლეს სურს, რომ დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება და ანტიკორუფციულ მოძრაობას დაგვაკისროს საურავი და მათი მოტივი, მათი ამოცანა, ამ შემთხვევაში ოლიგარქიული რეჟიმის, არის ის რომ გაგვაჩუმონ, დაგვადონ სანქციები და მათ სურთ, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ მარტო და რუსული მეთოდებით მართონ საქართველო, - ამბობს ურუშაძე.
უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვს.