პოლიციის მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმე - საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ევროპულ სასამართლოში არასათანადო მოპყრობის საქმე წარადგინა. ორგანიზაციის ცნობით, საქმეში იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით დაცული უფლებების დარღვევა.

საქმე ეხება 2019 წლის 15 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა, და აღნიშნულის შედეგად გარდაცვალებას. 

"მედიაში გავრცელებული და, ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 2019 წლის 22 მარტს, ოჯახში შეკამათების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები მათთან სახლში მივიდნენ. გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში შესვლისთანავე, პოლიციის თანამშრომლები ზვიადს უხეშად მიმართავდნენ. პოლიციელებმა მთავრიშვილი თელავის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სახლში დაბრუნებისას, ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს და აცხადებდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში მიაყენეს დაზიანებები. ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა, კერძოდ, მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები. 2019 წლის 1 აპრილს იგი გურჯაანში მდებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაესვა დიაგნოზი - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, კომა. იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი ქ. თბილისში, ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა ,,კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.“ 2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ კომაში ჩავარდნამდე, ზვიად მთავრიშვილმა მის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ, ასევე, უამბო მის მეზობლებსა და ნათესავებს", - წერია განცხადებაში. 

საია-ს ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (უფლებამოსილების გადამეტება) იძიებს, რაც მათი შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა, და, საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ნაკლოვანებების შესახებ გენერალური პროკურატურის ინფორმირებისა, დღემდე, დაზარალებულის უფლებამონაცვლის წერილები/განცხადებები/შუამდგომლობები უმეტესწილად რჩება უპასუხოდ, ხოლო, რიგ შემთხვევებში, მათზე პასუხი შაბლონურია, და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას. გარდა ამისა, საია-ს ცნობით, საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, კი მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი