სუს-იდან გამოჟონილი ე.წ. კრებსების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურაში იურისტის, დავით ჯანდიერის გამოკითხვა მიმდინარეობს. მას სავარაუდოდ, დღეს დაზარალებულად ცნობის დადგენილებასაც გააცნობენ.
საუბარია ფაილებზე, რომელთა გარკვეული ნაწილი დავით ჯანდიერის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ასახავს. მათ შორის, უკავშირდება უფლებადამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში.
"ჩემთან დაკავშირებით არის რამდენიმე ეპიზოდი. განსაკუთრებულად კარგად და სკრუპულოზურად არის აღწერილი ის ურთიერთობები, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩემს მიერ ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის წარმომადგენლობას. ასევე, საუბრები ჩემს მეგობართან, ჟურნალისტებთან გადაცემაში მონაწილეობის შესახებ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე, არის სახალხო დამცველის წარმომადგენელთან. მაქვს მტკიცებულებების, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ამ კრებსებში არსებული მასალების სინამდვილესთან შესაბამისობას.
მიზანი არის ერთი, იდენტიფიცირება მოხდეს იმ ადამიანების, რომლებიც ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე ახდენდნენ მიყურადებას და თვალთვალს და შეიცვალოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომ თავისუფალ გარემოში ცხოვრების საშუალება მიეცეთ ადამიანებს", - ამბობს დავით ჯანდიერი.
აღსანიშნავია, რომ ჯანდიერისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მან საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. მანამდე ქართულმა სასამართლომ ჯანდიერს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა.
ამავე თემაზე: