სამზარეულოს დანით შეკერილი საქმე - მამაკაცი გაყალბებული მტკიცებულებით ციხეში 10 წლით გაუშვეს. პროკურატურამ ვერ იპოვა დანა, რომლითაც, სავარაუდოდ, ლერი ხარებავამ მეორე მამაკაცი დაჭრა.
პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ დანაშაულის იარაღის საძებნად ზედმეტად თავის ატკივება არ ღირდა, ამიტომ ხარებავას სახლში მივიდა და პირდაპირ მისი სამზარეულოდან პურის საჭრელი დანა გამოიტანა და საქმეში, როგორც მტკიცებულება, ისე ჩადო.
დაშავებულსაც ჩვენება ისე მიაცემინეს, რომ მან ზუსტად ეს სამზარეულოს დანა აღწერა, თუმცა გაუგებარია, თავდასხმის მომენტში დაჭრილმა ადამიანმა როგორ დაინახა და დაიმახსოვრა დანა ასეთ დეტალებში და ასევე, რატომ დადიოდა ხარებავა ქუჩაში პურის საჭრელი დანით.
თუმცა საქმე იმ წუთიდან ამოტრიალდება, როდესაც დანაშაულის ნამდვილი იარაღი გამოჩნდება - დანა, რომლითაც ლერი ხარებავამ სინამდვილეში დაჭრა მეზობელი, ამით კი სააშკარაოზე გამოდის, როგორ გააყალბა პროკურატურამ საქმე და მის მიერვე შექმნილი ნივთმტკიცებულებით ჩასვა ადამიანი ციხეში.
სპილოს ძვლის ტარიანი, ვერცხლისფერი დანა, ხვალიდან საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორიგ თავის ტკივილად იქცევა. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, რომ პირს, რომელსაც ის სასამართლოში იცავდა, გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე პურის საჭრელი დანით შეუკერეს.
კობაიძის კლიენტი ლერი ხარებავა არაძალადობრივი დანაშაულისთვის წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი, თუმცა ამჯერად მას პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. შემთხვევა გასული წლის სექტემბერში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. შუადღის სამ საათზე ერთმანეთს ლერი ხარებავა და მის მეზობლად მცხოვრები ერაყის მოქალაქე ვადჰაჰ სალეჰ ჰუსეინ ალ აზამი დაუპირისპირდნენ.
დაზარალებულის ჩვენების თანახმად, კისრის არეში მისი დაჭრისთანავე ხარებავა გაიქცა და იმავე კორპუსში ერთ-ერთი ბინის კარზე კაკუნი დაიწყო. თავად ჰუსეინ ალ აზამი კი გარეთ გავიდა და მეუღლეს დაურეკა, რომელმაც პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დაჭრილი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
პასუხისმგებლობას ლერი ხარებავა არ გაქცევია და პოლიციაში დაბარებისთანავე მივიდა, თუმცა სამართალდამცავებისთვის მას დანაშაული იარაღი არ გადაუცია. იმავე საღამოს გაიჩხრიკა ეჭვმიტანილის ბინაც. ხარებავას მეუღლემ გამომძიებლებს საკუთარი სამზარეულოდან სხვადასხვა სახის ხუთი დანა გაატანა. მსჯავრდებულის მეუღლემ პურისა და ხორცი საჭრელი დანები გამომძიებლებს მშვიდად გაატანა, რადგან ზუსტად იცოდა, ინციდენტის შემდეგ ლერი ხარებავას მათთან შეხება არ ჰქონია.
ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებლებმა სახლიდან ამოღებული ყველა დანა აღწერეს, ერთ-ერთ მათგანზე კი საეჭვო ნივთიერებაც აღმოაჩინეს.
იგი არის შავი ფერის, პლასტმასის ტარიანი, პატარა, შავი ფერის მეტალის პირიანი დანა, პირზე მოვერცხლისფრო ფერის ზოლებით გაწყობილი. აღნიშნულ დანას მჭრელ პირზე და წვერზე აღენიშნება მოწითალო სითხის კვალი, - წერია ჩხრეკის ოქმში.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გამომძიებლებზე, რომლებმაც დანაშაულის სავარაუდო იარაღი საკუთარი თვალით, ძალიან ახლოდან ნახეს და აღწერეს, გაცილებით დაკვირვებული აღმოჩნდა თავად დაზარალებული, რომლის წინაც დანამ მხოლოდ რამდენიმე წამით გაიელვა.
ლერი ხარებავამ მარჯვენა ხელით, მარჯვენა მხრიდან, ამოიღო დანა, რომელიც იყო დაახლოებით 10-15 სანტიმეტრის სიგრძის, მუქი ფერის ტარით და ასევე მუქი ფერის პირით, რომელსაც პირსა და ტარს შორის ჰქონდა ვერცხლისფერი, ლითონის რკალი და ასევე დანის პირზე, რომელზეც არის ჩაღრმავებები აღინიშნებოდა ვერცხლისფერი ზოლები, - ვკითხულობთ დაზარალებულის ჩვენებაში.
დოკუმენტაციის თანახმად, საგამოძიებო უწყებაში დაზარალებულის დაკითხვა, 2019 წლის 19 სექტემბერს 18:26 სათზე დაიწყო და 20:36 საათზე დასრულდა, ხოლო ბინის ჩხრეკა იმავე დღეს 20:10 საათზე დაიწყო და 21:55 საათზე დასრულდა. შესაბამისად, ისმის კითხვა, რაში სჭირდებოდათ გამომძიებლებს დანარჩენი ოთხი დანის ამოღება, თუკი ზუსტად იცოდნენ, როგორი დანა უნდა ეძებნათ, რადგან დაზარალებულს დანაშაულის იარაღი ჩხრეკის დასრულებამდე მინიმუმ საათნახევრით ადრე დეტალურად ჰქონდა აღწერილი.
გამოძიებამ ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულ სხვა დანებთან ერთად ეს დანაც, ექსპერტიზაზე გადაგზავნა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა:
პაკეტში წარწერით: … ლერი ხარებავას საცხოვრებელი სახლის სამზარეულოდან ამოღებული 5 (ხუთი) ცალი დანა..” მოთავსებულ ერთ-ერთ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ.# 16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვადჰაჰ სალეჰ ჰუსეინ ალ აზამის (ობ.# 29).
საქმეში არსებული შეუსაბამობებისა და პასუხგაუცემელი კითხვების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის პოზიცია სრულად გაიზიარა. დანაშაულის იარაღად ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებული დანა აღიარა და ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ლერი ხარებავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყველაფერი ასეც დამთავრდებოდა, რომ არა ერთი, პროკურატურისთვის ძალიან საგანგაშო გარემოება.
მის ხელთ არსებული ნივთმტკიცების წარდგენას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საგამოძიებო უწყებისთვის ხვალ გეგმავს.
სავარაუდო დამნაშავე ძალოვნების გამოვლენისა და დასჯის გარდა, ადვოკატს პრაგმატული გათვლებიც აქვს, რომელიც მისი აზრით ლერი ხარებავას ათ წლიან სასჯელს აარიდებს.
"მთავარმა არხმა" პროკურატურას ამ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარი სთხოვა, და ვრცელი წერილობითი პასუხი მიიღო, სადაც წერია, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით ჩატარდა.
ხვალ პროკურატურის გენერალური ინსპექციიდან დაელოდება პასუხს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
ავტორები: ავტორები: გიორგი გვიშიანი, აკა ჯორბენაძე, ნოდარ ჭადაშვილი, ვახო გახოკიძე
ალექსანდრე კობაიძე.