გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელი გზა - შეუსაბამობები გამოძიებაში

გამოქვეყნდა:

რა ხდება გიორგის საქმის გამოძიებაში და რატომ უწევს მედიას და საზოგადოებას გამოძიების პროცესში ასე ინტენსიურად ჩარევა - საეჭვოა, რომ ვინმეს ამ ბავშვის და მისი ოჯახის უბედურებაზე ამდენი საუბარი სიამოვნებდეს. თუმცა ვერცერთი ჟურნალისტი, რომელიც საქმის მასალებში ჩაიხედავს, ვერ დახუჭავს თვალს ალოგიკურ შეუსაბამობებზე, რომელიც დაკითხვების პირველივე ოქმებში ჩანს. 

აქ არ გვაქვს საქმე გამოძიებასთან, რომელსაც, უბრალოდ, უნდა ვაცადოთ და შედეგს დაველოდოთ. გამოძიება ძირშივე დამახინჯებულია და თუ თავის ნებაზე მივუშვით, ის სამართლიან შედეგს ვერ მოგვიტანს.

12 დღე გავიდა უბედური შემთხვევიდან და 12 დღეა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. პასუხი კითხვაზე: დაიხრჩო თუ მოკლეს შაქარაშვილი, ჯერ არ არსებობს. ასევე ისმის კითხვა, იყო თუ არა გიორგის გადარჩენის შანსი და ვინ დგას პროცესების უკან.

პროკურატურის გასაჯაროვებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდაპირველად ხიდზე გადასულ ბიჭებს მერსედესის მგზავრები უსწორდებიან ფიზიკურად, შემდეგ აქ მოდის "ტოიოტა ქამრი" და დევნა იწყება, თუმცა პროკურატურამ დევნის პროცესი დამონტაჟებული გამოაქვეყნა. არსებული მონაცემების მიხედვით კი, დევნა დაახლოებით 17-25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ირკვევა, რომ ფოტოგრაფი იოსებ ბრეგვაძე სიტუაციას გაარიდა და შემთხვევის ადგილიდან თბილისში წამოიყვანა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა. ნათელი ხდება, რატომ არ ფიგურირებს გელაშვილი საქმეში - ფოტოგრაფის მიერ მედიასთან საუბრისას აღინიშნა, რომ მან პოლიციელებს ყველაფერი მოუყვა. 

ასევე ირკვევა, რომ იოსებ ბრეგვაძე შსს-ს სტრატეგიული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ახლო ნათესავია და მისი თქმით, ბრეგვაძე ამ საქმეში მხოლოდ დაზარალებულია.

თუმცა პრობლემა აქ ისაა, რომ სისტემამ დანაშაულის შესახებ ყველაფერი იცოდა და რეაგირება არ მოუხდენია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფოტო-ვიდეო მასალა, რისი გადაღებაც ფოტოგრაფს მიტოვებული შენობიდან შეეძლო. სავარაუდოა, რომ კამერა მნიშვნელოვან კადრებს ვერ დააფიქსირებდა, რადგან ხიდზე, სადაც ინციდენტი დაიწყო სიბნელეა და არც ღამის განათების ბოძები დგას. 

დასადგენია, მოწმეები საკუთარი ნებით ცვლიდნენ ჩვენებებს თუ მათზე ვინმე ახდენდა ზეწოლას - არის თუ არა ეს მიზანმიმართული პროცესი. აქ უნდა აღინიშნოს ამირხანაშვილის პირველი ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ შაქარაშვილს გამიზნულად მისდევდნენ და ამის შემდეგ ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში. გამოძიების დასმული კითხვებიდან კი შეუძლებელია დადგინდეს, რა ხდებოდა რეალურად ავტომობილში. 

გასათავალისწინებელია, ახვლედიანის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მათკენ სამი შურისმაძიებელი მორბის, რასაც ამირხანაშვილის ჩვენებაც ადასტურებს. ახვლედიანი, რომელიც პირველი ჩხუბის მონაწილე იყო, ფიქრობდა, რომ ეს ადამიანები მას მოსდევენ, თუმცა რეალურად ისინი შაქარაშვილს გაედევნენ. 

კიდევ ერთი შანსი, გამოძიებას გაეგო, რამდენ ხანს მიმდინარეობდა შაქარაშვილზე დევნა, ამირხანაშვილის ჩვენებაა, თუმცა არც აქ დასმულა შესაბამისი კითხვები. არც ის უკითხავთ, რატომ ეძებდნენ კონკრეტულად შაქარაშვილს?

ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს: მინდოდა გამერიდებინა შაქარაშვილი მოსალოდნელი საფრთხისგან. ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ამირხანაშვილმა რაღაც ისეთი იცის, რის გამოც შაქარაშვილის დასჯა სურდათ.

საქმეში არსებული მასალები, მთელი 12 ტომი გვაფიქრებინებს, რომ ვიღაც უხილავი და გავლენიანი აფერხებს საქმის წარმოებას, რაც კარგად ჩანს გამომძიებლების ხელოვნურ არაპროფესიონალიზმში. ასევე, საქმის მასალებიდან ნათელი ხდება, რომ დაკარგულია ნივთმტკიცებები ან მათი ამოღება დაგვიანებით მოხდა. ექსპერტიზა ჯერ კიდევ ამ კვირაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ არ არის და ეჭვს იწვევს, კეთილსინდისიერი იქნება თუ არა ექსპერტიზის პასუხები, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ ელოდება.   

ავტორები: დავით აბრამიშვილი, გოგა გოგელაშვილი, გიორგი ფაილოძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი