ვინ იყო დაღუპული გიორგი შაქარაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ყველა კლუბი მოდანზე შავი სამკლაურით გამოვიდა - გიორგი შაქარაშვილი ხომ ერთ-ერთი მათგანი იყო. 

გიორგი 8 წლიდან საბურთალოს საფეხბურთო აკადემიაში გაიზარდა. მან ყველა ეტაპი გაიარა: თამაშობდა 15 წლამდე, 17 წლამდე, 19 წლამდე გუნდებში. "საბურთალო 1"-ის ძირითად შემადგენლობამდე მარცხენა მცველს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ ის გავიცანით არა როგორც საფეხბურთო, არამედ, როგორც ტრაგედიის გმირი. 

ჯერ კიდევ იმ დღეებში, როდესაც მთელ ქვეყანას იმედი ჰქონდა, რომ ის ცოცხალი გამოჩნდებოდა, მთავარი ამბავი, რაც ჩვენ გარშემო ხდებოდა, მცხეთასთან მიმდინარე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები იყო. 4 დღე ყველა შიშით ელოდა ცნობას - "არაგვის ხეობაში 19 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს". 

როცა საიდუმლოებით მოცულ სიკვდილზე ვსაუბრობთ, გარდაცვლილის პერსონას, მის ხასიათს, ბუნებას, აკადემიურ მოსწრებას და სპორტულ წარმატებებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც საკუთარი თვალით უყურებ, როგორი მშვიდობიანია შემზარავი ამბის მთავარი გმირი ფათერაკების ასაკში, აღიარებ, რომ წვრილმანებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ტრაგედიის გმირებს მერე ყველა თბილად იხსენებს, მაგრამ გიორგი, როგორც ჩანს, ყველას მართლა უყვარდა. 

მედია დაუსრულებლად ცდილობს გიორგის სიცოცხლის ბოლო დღე ქრონოლოგიურად აღადგინოს, ისე, რომ უმცირესი დეტალებიც არ გამორჩეს. განსაკუთრებით წვეულების დაშლის შემდეგ. მაგრამ კიდევ უფრო დამთრგუნველია, რომ ეს ამბავი ასე ჩვეულებრივად დაიწყო: 18 ივნისს გიორგიმ მეგობრისგან ნათხოვარ ჩანთაში თმის ჟელე და სავარცხელი ჩაიდო და იუბილარისთვის საჩუქრის შესარჩევად ბაზრობაზე დედასთან ერთად წავიდა. 

ვაზისუბნელი ბიჭის სიკვდილის შემდეგ მისი მეზობლების, მეგობრების, მასწავლებლების, თანაგუნდელებისთვის და ყველასთვის, ვინც მას არასდროს იცნობდა, მთავარი თემებიდან მოიხსნა პოლიტიკა, კორუფცია, პანდემია და ეკონომიკა, სპორტი და ამინდი. ყოველ საღამოს გაფაციცებით ვადევნებთ თვალყურს ახალგამოქვეყნებულ შავ-თეთრ კადრებს, რომლებშიც გარკვევით არაფერი ჩანს, მაგრამ რატომღაც იმ სიუჟეტებში ჩვენს შვილებს ან ჩვენთვის სხვა ძვირფას "პატარა ბიჭებს" ვგულისხმობთ. 

პატარა ბიჭები ყველა დროში, ყველა ქვეყანაში კვდებიან. კარგ დროში ასეთ შემთხვევებს შესაბამისი სამსახურები იძიებენ. ჩვენს დროში კი ჩვენი საოჯახო, სამეგობრო თუ სატელევიზიო გამოძიებები მხოლოდ იმის ნიშანია, რომ სინათლის მოფენის ნაცვლად გამოძიებამ ყველაფერი ბურუსში გახვია. ეს ჩვენი მტკიცე უარია, რომ პატარა ბიჭების სიკვდილი კვლავ ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცეს და დამნაშავეს დანაშაული შერჩეს. 

არაგვისპირას მომხდარი ტრაგედია დეტექტიური რომანი არ არის, რომ ხელსაყრელი ფინალი მოუფიქრო, ერთხელ გადაწერო თუ დამაჯერებელი არ გამოდის, კიდევ გადაწერო. 

ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, სიკვდილის საიდუმლო საფლავში არ გავატანოთ შაქარას. 

ავტორები: გურანდა ავალიანი, მაია ლომიძე, ტატო გურგენიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი