გატაცება და ძალადობა სპორტსმენების მონაწილეობით

გამოქვეყნდა:

გატაცება და ძალადობა ისევ სპორტსმენების მონაწილეობით - შურისძიების მიზნით გურიაში რამდენიმე პირმა მამაკაცი დაატყვევა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

მოწმეების მონაყოლი განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა გატაცებულ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ ის ერთ-ერთ სახლში, მინიმუმ, რამდენიმე საათის, ან რამდენი დღის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი.

ანგარიშსწორება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ბრალდებულები კი  დაკავებულები არიან.

გატაცება და ჯგუფური ძალადობა ისევ სპორტსმენების მონაწილეობით დაიგეგმა. წარმატებულ  მოჭიდავეს იური ლომაძესა  და მის ფეხბურთელ ძმას,  ლუკა ლომაძეს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სპორტსმენებთან ერთად  მათი სანათესაო წრიდან დაკავებულია კიდევ სამი ადამიანი. ბრალდებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ირკვევა, შურისძიება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

რატომ იძიეს შური  ახალგაზრდებმა  და რა მოხდა გურიაში? 28 ივნისს ძმები იური და ლუკა ლომაძეები სამ ნათესავთან ერთად, ბათუმში, ნიკოლოზ ძირკველიშვილთან საქმის გასარჩევად ჩადიან. შსს-ს ინფორმაციით ბათუმში ისინი ძირკველიშვილს ძალით სვამენ ავტომობილში და ოზურგეთში, სოფელ ბოხვაურში მიჰყავთ. ავტომობილ ახლობლის საცხოვრებელ სახლთან აჩერებენ, სადაც  გამოძიების ვერსიით, გატაცებულს ფიზიკურად უსწორდებიან.

დღეს "მთავარი არხი" გურიაში ჩავიდა, მაგრამ იმ სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, არავინ დაგვხვდა. მეზობელი ადასტურებს, რომ ამ მისამართზე ძირკველიშვილი ხუთ ბრალდებულთან ერთად რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა.

დაკავებული სპორტსმენების  ახლობელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდებმა ბათუმში ნამდვილად ჩააკითხეს ნიკოლოზ ძირკველიშვილს და გურიაში წამოიყვანეს, სადაც სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური ძალადობაც მოჰყვა. ის ჩვენთან საუბარში ნიკოლოზ ძირკველიშვილისთვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ დაზარალებულმა იმ საღამოსვე დატოვა  გურია და  ბათუმში დაბრუნდა.

თავად დაზარალებული  ბათუმში, ნაქირავებ ბინაში იმყოფება. "მთავარი არხი" მას დაუკავშირდა, თუმცა  ძირკველიშვილს მომხდარზე საუბარი არ სურს. 

ახალგაზრდებს შურისძიების მოტივი ამოძრავებდათ. ყველაფერი კი ოჯახური კონფლიქტით დაიწყო.  

ნიკოლოზ ძირკველიშვილმა  შემთხვევიდან ხუთი დღის შემდეგ, 3 ივნისს, ბათუმის პოლიციის განყოფილებას მიმართა. ამის შემდეგ პოლიციას ჯგუფური ძალადობის მონაწილეებმაც მიმართეს და ბრალი აღიარეს. პროკურატურამ მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში წაუყენა. ბათუმში  დღეს პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ დაცვის მხრის შუამდგომლობა არ დაააკმაყოფილა  და ხუთივე ბრალდებული წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ამ განაჩენის შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს. მომდევნო სასამართლო პროცესი ბათუმში, 28 აგვისტოსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე რამდენიმე ტურნირის პრიზიორია, იგი ამჟამად ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. მისი ძმა ლუკა ლომაძე კი ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მეკარეა. 

ავტორები: გურანდა ავალიანი, თეა ვაშალომიძე, საბა კვარაცხელია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი