ბოლო 7 თვეში, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ბოლო 7 თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა. უწყება ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყენებდნენ დოლარს, რუბლსა და ევროს ვალუტებს.

უწყება ამბობს, რომ 4 აგვისტოს თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება.

"მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ “ოკრიბა”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“ დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-მუხლის შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი