
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა შორის ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტებზე ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მათთან დაახლოებული პირების საუბრებია ასახული.
უწყების ცნობით, დაკავებულია 8 პირი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.
"ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ.