კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვინაობა ცნობილი. ის 80 წლის დერმატო-ვენეროლოგი, თეიმურაზ ბეჟანიძეა.
რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი თანამშრომლებს შორის, ამ დრომდე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გალდავასა და თეიმურაზ ბეჟანიძეს შორის დაპირისპირება კლინიკაში, გალდავას კაბინეტში დაიწყო. ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, 80 წლის ექიმმა კლინიკის ხელმძღვანელს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაშავებულს ჭრილობები მუცლისა და ხელის არეში აქვს.
გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში პალატაში გადავიყვანთ. ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც გაიგზავნება ექსპერტიზაზე და ექსპერტიზა დაადგენს. სავარაუდოდ, ტყვიაა. ასევე ექსპერტიზა დაადგენს ჭრილობები ერთი გასროლით არის მიყენებული თუ რამდენიმე. პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ჯერჯერობით, მდგომარეობიდან გამომდინარე სამართალდამცველები არ ყოფილან", - ამბობს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, გიორგი ნიკოლეიშვილი.
თეიმურაზ ბეჟანიძეს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.