მკვლელობა სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში. ქმარმა ცოლი განქორწინების გაფორმების დროს, უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოკლა. 25 წლის სალომე ბოხუას სასიკვდილო ჭრილობები დანით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
სალომე ბოხუას რეესტრში მამაც თან ახლდა, თუმცა როგორც ჩანს, ქმარმა მკვლელობა შენობაში სიმამრის შესვლამდე მოასწრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, 27 წლის გიგა აბრალავა უკვე დააკავეს.
როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, ცოლ-ქმრის კონფლიქტის შესახებ მათ ერთ თვის წინ გაიგეს. მათი თქმით, აბრალავა ცოლის ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ისინი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ერთი თვის წინ კი სალომე ბოხუა კონფლიქტის გამო ისევ მშობლებთან დაბრუნდა.
აბრალავა ცოლს შერიგებას სთხოვდა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო და ოჯახი განქორწინებაზე შეთანხმდა.
ამ მიზნით ქმარი ბათუმის იუსტიციის სახლში, ცოლი კი სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში უნდა მისულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა აბრალავა სამტრედიაში იმყოფებოდა და ცოლს ელოდებოდა. მან გოგონას ჭრილობები შენობაში შესვლისთანავე მიაყენა.
გიგა აბრალავა ადგილზე დააკავეს. გამოძიება 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მკველობის იარაღიც.
აბრალავას და ბოხუას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.