
გიორგი პისკუნოვის მიმართ მუქარა და დაშინების მცდელობა მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც პისკუნოვმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა, რომ ის სამართალდამცველის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მის მიმართ მუქარა არ წყდება.
გიორგი პისკუნოვის ინფორმაციით, მას პენიტენციური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი ლევან ბობოხიძე დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პისკუნოვის თქმით, მას იმიტომ აშინებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ სურთ იმ დარღვევებზე საუბარი, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება.
შემხვდა გამომძიებელი ლევან ბობოხიძე წერეთლის მეტროსთან მდებარე პოლიციის შენობასთან, სადაც ის დამემუქრა, რომ 6 თვით განმათავსებს ციხეზე, თავისი რაღაც ახალი გამოგონილი, შეთითხნილი საქმის საფუძველზე. თუ მე იმ თემებზე, რომლებზეც ვისაუბრე ნანუკას შოუში, რომელიც ეხებოდა ჩემ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, რომელშიც ბრალდებულია პოლიციელი და იხდის სასჯელს, ასევე პროკურორს, რომელიც ამ საქმის გამო სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა, თუ ამ თემებზე მე საჯაროდ გავაგრძელებდი ღიად საუბარს, ის დამემუქრა, რომ მე მომკლავდნენ და გამაქრობდნენ, - ამბობს იგი.
პისკუნოვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და გამომძიებელ ლევან ბობოხიძის დასჯას ითხოვს.
ჩემი აზრით, თუ მართლა ისე მოხდა, როგორც პისკუნოვი ყვება, სავარაუდოდ, ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოიყენეს ეს ადამიანი, რადგან მის მიმართ გიორგი პისკუნოვს ჰქონდა გარკვეული ნდობა, და რა თქმა უნდა, დათანხმდებოდა მასთან შეხვედრაზე. შეხვდა და მოხდა ეს ფაქტი, როდესაც სიცოცხლის მოსპობით სავარაუდოდ დაემუქრა პენიტენციური სამსახურის გამომძიებელი გიორგი პისკუნოვს, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველის" თავმჯდომარე ალექსანდრე კაპანაძე.