
უმძიმესი ტრაგედიიდან 2 კვირის შემდეგ, პირველად გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ის პოლიციელები ჩნდებიან, ვინც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში წაიყვანა. პატრულ ინსპექტორების, ვალერი ჯიქურაშვილისა და გიორგი ზარიაშვილის ჩვენებებით დასტურდება, რომ სამართალდამცველებმა მომხდარი დაპრისპირების შესახებ იცოდნენ, თუმცა ჩხუბის დეტალების გარკვევა არ დაუწყიათ.
რატომ არ იმოქმედა პოლციამ - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საქმეში ჯერ ისევ პასუხგაუცემელია.
იაკობ ბრეგვაძე მათ მეგობრებთან ნაცნობობას უარყოფს და ჩვენების მიხედვით, საუბრობს ისე, თითქოს უცხო პირები ჩხუბობდნენ ტერიტორიაზე, ის კი უბრალოდ თვითმხილველი იყო.
ვალერი ჯიქურაშვილი მის ჩვენებაში ამბობს, რომ ისინი იმყოფებოდნენ შკოდას ტიპის საპატრულო პოლიციის ავტომობილით, რომელსაც ჩართული ჰქონდათ ციმციმა, თუმცა კადრებში ჩართული ციმციმა არ ფიქსირდება.
პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი არის ოცეულის მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადება. როდესაც პატრულ-ინსპექტორები უშუალოდ იაკობ ბრეგვაძესთან მივიდნენ, მათ ოცეულის მეთაურს დაურეკეს და ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა კრიმინალური პოლიცია, თუმცა მეთაურის, დავით ამირანაშვილის პასუხის მიხედვით, შეტყობინება გაუქმებული იყო და კრიმინალური პოლიცია ადგილზე ვერ მივიდოდა.
რატომ გვიანდება რეაგირება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და რატომ აგვიანებს უწყება ყველა საგამოძიბო მოქმედების ჩატარებას, ჩვენთვის კვლავ უცნობია, თუმცა დროდადრო მტკიცებულებები ნადგურდება და საქმეში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება.