მორაგბე ნიკა ჟვანიას დედა უარყოფს, რომ ცაცია სპორტსმენი, რომელმაც ჩხუბის მონაწილეებს დაზიანები მიაყენა, მისი შვილია. მორაგბე, რომელიც ერთ-ერთია ძალადობის ბრალდებით პატიმრობაში მყოფ პირებს შორის, მისივე დედის განმარტებით, ნამდვილად არის გოჩა ჩხაიძის ნათლული. იგი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ამბავი ალკოჰოლური კომპანია "ასაკანელი ძმების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მასთან სატელეფონო საუბრისას მოიკითხა.
დაკავებულის დედა ასევე ადასტურებს მისი და "ასკანელი ძმების" მფლობელთა ოჯახის ახლობლობას და ამბობს, რომ ბოლო სატელეფონო საუბარიც მათ სწორედ ნიკა ჟანიას დაკავების შემდეგ ჰქონდათ.
სტადიონის დირექტორმა, სადაც ნიკა ჟვანია და გუნდი "ყოჩები" ვარჯიშობდნენ, "მთავართან" ინტერვიუზე უარი განაცხადა. სტადიონის მენეჯერმა კი მხოლოდ დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანია ნამდვილად ამ სტადიონზე ვარჯიშობდა, თუმცა სხვა ინფორმაცია ჟვანიას შესახებ მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ''ქრონიკა პლიუსის'' რედაქტორს ელისო კილაძეს დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ ამ საქმეში ნამდვილად ფიგურირებს ცაცია სპორტსმენი და ეს პირი არა არჩილ გაგნიძე, არამედ ნიკა ჟვანიაა.