
ქალაქ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, სოფელ მზიანის მკვიდრია.
ის ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და თხილის პლანტაციაში მუშაობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.
მეზობლები ყვებიან, რომ ქალის ცხედარი დილით, სააბაზანოში იპოვეს. მათივე ცნობით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი - ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი სააბაზანოში დაახრჩო.
პოლიციის ინფორმაციით, კაცი სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე საათი შემდეგ ჩაბარდა.
გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ლადო მენაბდე