იუსტიციის საბჭო ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში მოსამართლე ნინო ბაქაქურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის საბჭო ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში ნინო ბაქაქურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ცდილობს. მიუხედავად იმისა რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური საქართველოს ამ ორგანიზაციის წევრია და ვადა 2024 წლამდე აქვს, ოცნებამ საკონსულტაციო საბჭოს წევრობისთვის კონკურსი ისე გამოაცხადა,  რომ ინფორმაცია არც თავად ნინო ბაქაქურისთვის იყო  ცნობილი. 

ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქაქური "კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მოსამართლეა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფებთან არასდროს ყოფილა კავშირში".

იუსტიციის მინისტრმა ამ თემაზე ტრადიციულად ყველაფერი უარყო, ტყუილში "მთავარი არხი" დაადანაშაულა და თავისი სიმართლე თქვა. ბრეგაძემ განმარტა ევროპულ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში მოსამართლის წარგზავნის ახალი წესი და თქვა, რომ ბაქაქურს საკუთარი კანდიდატურა აღარ წარუდგენია:

"მე გეტყვით რა იყო სიმართლე. იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია იმ ორგანიზაციებში კანდიდატურის წარგზავნაზე, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებზე და მათ შორის იურიდიულ საკითხებზე , ეს არის სიმართლე. ადრე წარგზავნა ხორციელდებოდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე. დღეს კი ჩვენ შემოვიღეთ ტრანსფარენტული წესი და ნებისმიერ ასეთ ორგანიზაციაში თუ ჯგუფში წარგზავნა განხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებებიდან და კანდიდატი შერჩეული იქნება სწორედ ასეთი ტრასფანრენტული და თანამედროვე, დემოკრატიულ სტანადარტებთან შესაბამისობაში მყოფ სტანდარტებთან. ეს არის ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯი. 

რაც შეეხება კონკრეტულად ქალბატონ ბაქაქურს...შეეძლო შემოეტანა ღია კონკურსზე განცხადება და მიეღო მონაწილეობა. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერც ერთ კონკრეტულ ინდივიდზე, რომელიც არ შემოიტანს განცხადებას და არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ ქალბატონს კონკურსში არ შემოუტანია საკუთარი განაცხადა. " ამბობს ბრეგაძე. 

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა. ის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის გაძლიერების საკითხებზე მუშაობს და კომპლექტდება მოქმედი მოსამართლეებით (როგორც წესი, თითო წევრი ქვეყნიდან 1 წარმომადგენელი), რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მაღალი დონით გამოირჩევიან. 

ამასთან, მოსამართლეები წევრი სახელმწიფოების იმ ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციებით შეირჩევიან, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფენ. 

კომისიის შექმნისა და საქმიანობის მიზანი, წევრ ქვეყნებში, მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან მისი შესაბამისობის გაუმჯობესებაა. საბჭოს მსგავსად, კომისია წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ექსპერტებით კომპლექტდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი