შაქარაშვილის საქმეში ხანდაზმულობის გამო განადგურებული ვიდეო კამერების ჩანაწერების შესახებ ბრალდებული მორაგბეების ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
მისი თქმით, მასალებიდან ირკვევა, რომ ვიდეო კამერების კონკრეტული ჩანაწერების, კერძოდ ერისთავი-დიდუბე, ერისთავი-ნინუა, დადიანის გამზირი-ბეჟანიშვილი, დადიანი-ერისთავის გადაკვეთა, ამ ლოკაციებზე მდებარე ვიდეო კამერების ჩანაწერები გამოძიებას თბილისის მერიამ ვერ მიაწოდა, რადგან მერიის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს მონაცემები ხანდაზმულობის გამო წაშლილია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩანაწერების გამოძიებამ მხოლოდ 30 ივნისს გამოითხოვა, რაც, ადვოკატის მტკიცებით, უკვე დაგვიანებული იყო.
ეს არის გამოძიების მოქმედების თუ უმოქმედობის ერთ-ერთი შედეგი, განადგურდა მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება ფასეული ყოფილიყო, - აცხადებს ვასილ მამულაშვილი.
იგი ამბობს, რომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება და 3 ივლისს, საღამო საათებში გამოითხოვა საგამოძიებო ორგანოდან ის შესაძლო მტკიცებულებები, რაც 28 ივნისიდან იქნა მოპოვებული.
მამუკაშვილის თქმით, მასალებში არის 30-მდე პირის ჩვენება, რომლებიც არიან დაკავშირებული ახვლედიანთან, ამირხანაშვილთან, ქათამაძესთან და ეხება ტრანსპორტირების საკითხს, ასევე ირიბად შაქარაშვილსაც.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებში არსებული სატელეფონო ანძების მაჩვენებლებიდან ცხადი ხდება, რომ ახვლედიანი, რომელიც ინციდენტის დროს იმალებოდა ბუჩქებში, იმ დროის განმავლობაში დაახლოებით 18 სატელეფონო ზარს ახორციელებს, მათ შორის, ღიბრაძესთან და ქათამაძესთან. მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ ახვლედიანს კომუნიკაციის საშუალება თავისუფლად ჰქონდა.
ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეო ჩანაწერებს მტკიცებულებად ქცევისთვის ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება.
მისი განცხადებით, არ არსებობს ფაქტების კრებული, რომელიც ადასტურებს ბრალდებებს, რასაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან, კერძოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას. ამასთან, ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილიც თავის ჩვენებაში ამბობს, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ადგილი არ ჰქონია.