
დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გური ამირხანაშვილის არა მხოლოდ ჩვენება, არამედ მისი მონაწილეობით ჩატარებულის საგამოძიებო ექსპერიმენტიც - საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შენობა, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა და სადაც მას მერსედესის მარკის ავტომობილის მგზავრებმა მიაგნეს, დგას მცხეთის მაგისტალის მიმდებარე ტერიტორაზე, არაგვის ხიდის ბოლოს, საიდანაც მას გიორგი შაქარაშვილის გადაადგილების დანახვა არ შეეძლო, ამიტომ საეჭვო ხდება გარემოება, როგორ მიუთითა ამირხანაშვილმა სამართალდამცველებს, სად იყო გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა, რის შემდეგაც მისი ძებნა, წყალში დაიწყეს.
არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმეს მცხეთის პოლიცია მფარველობს და მტკიცებულებების განადგურება და საგამოძიებო მოქმედებების მოგვიანებით ჩატარება მათ ინტერესებშია. საკითხის გადამოწმება კიდევ ერთხელ სცადეს "მთავარის" ჟურნალისტებმა მცხეთის პოლიციაში, თუმცა პასუხი კვლავ ვერ მიიღეს.
ადვოკატებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ საქმეში, ეჭვი უჩნდებათ, რომ საქმეში ვიღაცა რაღაცას მალავს. შესაძლოა, ეს იყოს მცხეთის პოლიცია, მაგრამ ადვოკატები პირდაპირ და ცხადად ამბობენ, რომ ეს არის არაკვალიფიციური ადამიანების მიერ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა.
ახლა დაკითხვა იმ ადამიანების ვინც ''შკოდაში'' იჯდნენ, ვინც წაიყვანეს ბრეგვაძე და ა.შ. ეს არის მინიმუმ არაპროფესიონალური, ალბათ საზოგადოებრივი გამოძახილიდან გამომდინარე ჩაიდო ეს ჩვენებები, თორემ რეალურად ინტერესი გამოძიების თავშივე უნდა ყოფილიყო, რომ მართლაც ვინ იყო ამ "შკოდაში" და რა მოქმედებები ჩატარდა შემდგომ, - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
კომენტარი გააკეთა ასევე ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
თუ ვსაუბრობთ, რაც განაცხადა მაღალჩინოსანმა, მან გამოიძახა პოლიცია, მერე რა ქნა? დამალა, დაფარა დანაშაული და აღარ უთხრა პოლიციას? თუ პოლიციას უთხრა ეს ყველაფერი და პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა? ანუ რომელიმე მხარე იტყუება, ხომ ფაქტია ეს? - ამბობს ადვოკატი.
მტკიცებულებები რომ ნადგურდება, დასტურდება იმითაც, რომ წინა დღეებში ადვოკატები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ საგამოძიებო უწყებამ უკვე გვიან მიმართა მერიას უშუალოდ გზის ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით. თუმცა ეს ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ ვერ მოიპოვა, რადგან თბილისის მერიის განცხადებით, ვიდეო კამერების ჩანაწერები ხანდაზმულობის გამო განადგურებულია.