
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ.
მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.