უვადო ძალაუფლება, გავლენები, ბევრი ფული და რეკორდულად გაზრდილი ქონება - ასე გამოიყურება სასამართლო კლანი. მოსამართლეები, რომლებიც მოსახლეობამ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით გაიცნო, დღეს მილიონერები არიან. მდიდარი მოსამართლეების სიის სათავეშია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან მურუსიძე, რომლის ანგარიშზე მდიდრული აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი ქონებაა.
ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, ფეშენებელურ სახლში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქონების დამალვის მიზნით, მურუსიძე ქონებას სწორედ ლელა ჭანიაზე აფორმებს. ამ თემაზე სტუდია მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.
ლევან მურუსიძეს ლელა ჭანია დეკლარაციაში ოჯახის წევრად მოხსენიებული არ ჰყავს. რეპორტაჟის ავტორის ინფორმაციით, თვალშისაცემია თავად ჭანიას ძვირადღირებული ბრენდული სამოსი და სამკაულებიც, რომელთა შეძენაც ჭანიას 2 700 ლარიანი ხელფასით უბრალოდ შეუძლებელია.
ადამიანები, რომლებიც სასამართლო კლანს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ მურუსიძის დეკლარაცია კითხვებს ბადებს და ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, უკვე შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მოქმედი სისტემის პირობებში, მათ ამის იმედი არ აქვთ.
საგურამოში მდიდრული სახლი სასამართლო კლანის კიდევ ერთ წევრს, მიხეილ ჩინჩალაძეს დედაზე აქვს გაფორმებული. სახლი 1500 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს.
მიხეილ ჩინჩალაძეს მამიდის სახელზე აქვს გაფორმებული ბინები ვერაზე და ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში ჩინჩალაძის ოჯახი ორ ბინას და სამ ავტოფარეხს ფლობს.
ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი პირველი ადგილი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და გავლენიანი ჯგუფებისგან გათავისუფლებას ეხება, თუმცა ფასადური რეფორმებით ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაზე სრული კონტროლი დაამყარა.