"2 დღის წინ მომიცვივდნენ, იმუქრებოდნენ... სამივე უნდა დაისაჯოს“ - არაშენდაში მოკლული ლევან იაგანაშვილის ცოლი

გამოქვეყნდა:

სოფელ არაშენდაში მოკლული ლევან იაგანაშვილის ცოლი ამბობს, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ ჩივიაშვილი მის ოჯახს წარსულშიც ემუქრებოდა.

როგორც ქეთევან იაგანაშვილმა აღნიშნა, ამის გამო  ლევან იაგანაშვილმა კაჭრეთის პოლიციას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ გამოკითხვით შემოიფარგლნენ.

ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელობაში სამი პირი - მალხაზ ჩივიაშვილი, მისი მამა და ძმა მონაწილეობდნენ.

"ლევანის მოაკითხეს კლასელებმა და წაიყვანეს საქეიფოდ. სადღაც 10 წუთის დამსხდრები ყოფილან და ეს ბიჭი, მამა და ძმა მივარდნილა იქ, დანით და თოხებით მოცვივდნენო და დაურტყიათ ლევანისთვის. ორგან აქვს გადაჭრილი ბარძაყიო. მთელი არტერია სისხლისგან დაცლილა, ვერ მიუსწრეს საავადმყოფოში, გარდაიცვალა. მუქარები იყო, იმ გოგოს მეუღლემ გარეთ სკამზე დაჯდომა ამიკრძალა, გარეთ ნუ ზის, რომ ვხედავ ვღიზიანდებიო. ერთი-ორი დღის წინ მომიცვივდნენ, ლევანი სმენაში იყო და კარებზე აბრახუნებდა მისი ქმარი. დაიბარეს ყველა, ვინც იმუქრებოდნენ და გააფრთხილესო, მაგრამ იმის მერე მაინც იმუქრებოდნენ. სამივე დაისაჯონ, ძმაც, მამაც და შვილიც", - ამბობს მოკლულის ცოლი, ქეთევან იაგანაშვილი. 

შეგახსენებთ, სასტიკი მკვლელობა სოფელ არაშენდაში გუშინ მოხდა. 47 წლის ლევან იაგანაშვილს მეზობლებმა ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მალხაზ ჩივიაშვილი დააკავა. მას გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი