ამირხანაშვილის ჩვენება და განადგურებული მტკიცებულებები - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გური ამირხანაშვილის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შენობა, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა და სადაც მას "მერსედესის" მგზავრებმა მიაგნეს, მდებარეობს მცხეთის მაგისტალის მიმდებარე ტერიტორაზე, არაგვის ხიდის ბოლოს, საიდანაც მას გიორგი შაქარაშვილის გადადგილების დანახვა არ შეეძლო. შესაბამისად, საეჭვო ხდება გარემოება, როგორ მიუთითა ამირხანაშვილმა სამართადლამცავებს, თუ სად იყო 19 წლის ფეხბურთელის ჩანთა, რის შემდეგაც მისი ძებნა წყალში დაიწყეს.

ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია. ადვოკატებისთვის მომხდარის დეტალები ბუნდოვანია. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, გადაწვეს თუ არა ამირხანაშვილის სამალავი მტკიცებულებების განადგურების მიზნით.

პარალელურად, კიდევ ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი იგეგმებოდა ე.წ. "მატროსოვის" ციხეში, სადაც ამირხანაშვილს არასრულწლოვანი უნდა ამოეცნო. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტი გადაიდო იმ მიზეზით, რომ პროცედურულად საჭიროა არასრულწლოვანის ოჯახის წევრების თანხმობა. მშობლებმა თანხმობა უკვე განაცხადეს და ადვოკატებისთვის უცნობი რჩება, რატომ გადაიდო ექსპერიმენტი.

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, ამირხანაშვილის მიერ არასრულწლოვნის ამოცნობა დაცვის მხარემ მოითხოვა, ტერიტორიის გადაწვის ფაქტი კი ისედაც ბუნდოვან საქმეში დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. აუცილებელია გაირკვეს, სამალავი შეგნებულად დაწვეს თუ შემთხვევით დაიწვა.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ საგამოძიებო უწყებამ თბილისის მერიას  კონკრეტული ლოკაციების ვიდეომასალების ამოსაღებად 30 ივნისს მიმართა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მასალები უკვე წაშლილია. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მასალების წაშლა, რადგან 112-ში შესული შეტყობინებებიც კი ერთი წლით ინახება.

ეს მიუთითებს ცალსახად დაგვიანებას... როგორც ჩანს, სავარაუდოდ, 10 დღეზე მეტი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შენახვის ვადა არ იყო. თუმცა, ესეც, ცხადია, უნდა გადამოწმდეს, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

დაადგენს თუ არა საგამოძიებო უწყება ჭეშმარიტებას, უცნობია. საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ყოველდღიურად ნადგურდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი