გადაადგილების შეზღუდვა - პროკურატურა ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოტანის ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნის და აღნიშნული პროექტი პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ იქნა მხარდაჭერილი.

ღონისძიება გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ლენა ოუენსმა გახსნეს.

განსახორციელებელი ცვლილებების მიზანია საპროცესო კოდექსში გაჩნდეს არსებული აღკვეთის ღონისძიებების დამატებითი ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სრული იზოლაციის გარეშე იქნეს მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები, თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები, შემცირდეს პატიმრობის გამოყენების შემთხვევები, დაიზოგოს პირის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებული სახელმწიფო რესურსი.

კერძოდ, ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება დარჩეს ოჯახთან, შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები, ზოგიერთ შემთხვევაში შეინარჩუნოს სამსახური, განაგრძოს სწავლის პროცესი და სხვა. 

"საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, რაშიც კვალიფიციური საპროკურორო ზედამხედველობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გარდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების დახვეწა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, დაინერგება ელექტრონული ზედამხედველობა, რომლის ფარგლებშიც, ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართ, რომელთაც შეფარდებული აქვთ არასაპატიმრო ღონისძიება, 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.

არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვა შექმნის ბრალდებულის დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის კონტროლის ეფექტიან მექანიზმს, რაც დაზარალებულებს შეუქმნის დაცვის მეტ გარანტიებს და ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკებს შეამცირებს" აცხადებს პროკურატურა.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას პროკურატურის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი