სასტიკად ნაწამები ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის ოჯახი ამ წუთებში ისევ საპოტესტო აქციას მართავს და რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ისინი ხაშურის პროკურატურასთან არიან შეკრებილები და მოითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მუმლაძე სასტიკად მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს. ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზა გაყალბდა და ამაში კონკრეტულმა პირებმა დიდი ფულიც აიღეს.
აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, ვინაიდან მოკლულის დედა შეუძლოს გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.
დადეშელების თქმით, არ აპირებენ შეეგუონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისინი ფიქრობენ, რომ გათავისუფლებული გიორგი ასათიანი დამნაშავეა, რასაც მის მანქანაში აღმოჩენილი სისხლის კვალიც ადასტურებს.
სასტიკ მდგომარეობაში მიწამეს 23 ღრმა ჭრილობით... ისიც არ აკმარეს და მტკვარში გადამიდგეს. მე მოვითხოვ განთავისუფლებული ასათიანის დაჭერას. თუ არ დაიჭერენ, იმ მოსამართლემ რატომ დაუშვა ასეთი დიდი შეცდომა? - აღნიშნა დაღუპულის დედამ შეუძლოდ გახდომამდე.
გარდაცვლილის მამა, დავით დადეშელი კი ამბობს, რომ ბრალდებულსა და ექსპერტებს შორის ნათესაური კავშირი გამორიცხული არაა.
ეგეც არაა გამორიცხული, რომ დიდი ფული დატრიალდა. სულ ყველა მაგას იძახდა, რომ მოგვარებულია სამხარაულში საქმე და ნახეთ რა შედეგი დადგებაო, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ შემზარავი დანაშაული გასული წლის ოქტომბერში მოხდა. გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ გამორიყა. საქმეზე დაკავებული 6 პირიდან მოსამართლემ 5-ს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი დარბაზიდან გაათავისუფლა.