ბურუსით მოცული საქმის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოძიებას ნებსით თუ უნებლიდ გამორჩა. ამ დრომდე არსად ფიგურირებდა, რომ მოძალადე, რომელიც სისხლიანი ანგარიშსწორების დროს განსაკუთრებით აქტიურობდა, ცაციაა. დაღუპულ გიორგი შაქარაშვილს, ისევე როგორც სხვა დაზარალებულებს, დაზიანებები ძირითადად მარჯვენა მხარეს აქვთ მიღებული, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ თავდმსხმელის დომინანტი ხელი მარცხენაა.
"მთავარი არხის" გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა შესაძლო დამნაშავის კვალზე უამრავი ვიდეომასალისა და მტკიცებულების შესწავლის შემდეგ გავიდა. ერთ-ერთი ვერსიით, ცაცია მორაგბე ნიკა ჟვანიაა, რომელიც "ასკანელი ძმებიდან" ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლულია.
ნიკა ჟვანიას დედა "მთავართან" საუბრისას ამტკიცებს, რომ მისი შვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა და დაპირისპირების ეპიცენტრშიც შემთხვევით აღმოჩდა. იგი უარყოფს, რომ ცაცია სპორტსმენი, რომელმაც ჩხუბის მონაწილეებს დაზიანები მიაყენა, მისი შვილია.
ერთადერთი, რასაც მორაგბის დედა ადასტურებს, "ასკანელ ძმებთან" ნათესაური კავშირია. დედის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენის ამბავი, "ასაკანელი ძმებიდან" ერთ-ერთმა დამფუძნებლემა ტელეფონით მოიკითხა. კომპანია "ასკანელი" კი აცხადებს, რომ სარაგბო კლუბ "ასკანელებს", რომელსაც დაკავებული მორაგბეები წარმოადგენდნენ, მათ კომპანიასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და "მთავარი არხის" ეთერში ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, შუბლის მარჯვენა მხარეს და წელზე - საქმის მასალიდან და კადრებიდან ირკვევა, რომ ყველა დაზარალებულს, მათ შორის გარდაცვლილ გიორგი შაქარაშილს, დაზიანება სახის არეში, მარჯვენა მხარეს აქვთ მიღებული, ეს ყველაფერი კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გარდაცვლილ ფეხბურთელს დაზიანებები, შესაძლოა, ბლაგვი საგნით ჰქონდეს მიყენებული. დაკავებულებისა და გარდაცვლილის სხეულებზე მიღებული დაზიანებები მიანიშნებს იმაზე, რომ სპორტსმენი, რომელიც სასტიკი ანგარიშსწორების დროს ყველაზე მეტად აქტიურობდა, ცაციაა.
"მთავარი არხი" დღეს იმ სტადიონზე მივიდა, სადაც ნიკა ჟვანია და გუნდი "ყოჩები" ვარჯიშობენ. სტადიონის მენეჯერმა დაგვიდასტურა, რომ სპორტულ მოედანზე ნიკა ჟვანია ხშირად უნახავთ, თუმცა მის ფიზიკურ მონაცემებთან დაკავშირებულ დეტალებზე, მათ შორის ბრალდებულის შესაძლო ცაციაობაზე, საუბარს თავს არიდებენ.
გუნდ "ყოჩების" პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ნიკა ჟვანია და არჩილ გაგნიძე ვერ შეძლებდნენ ფეხბურთელი გაკიდებას, რადგან ისინი მძიმნე წონით კატეგორიას მიეკუთვნებიან. თუმცა, გეგა გეგენავა იმასაც ამბობს, რომ რაგბი რთული პროფესიაა, სადაც შეუძლებელია დაადგინო რომელიმე მორაგბის ცაციაობა.
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს. პასუხი კითხვაზე, მოკლულია თუ არა გიორგი შაქარაშვილი, უცნობი რჩება. საქმეზე 17 პირია დაკავებული, თუმცა გამოძიება მკვლელობის მუხლით არ დაწყებულა.