სასამართლომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, გავასაჩივრებთ - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი