მოკლულის ოჯახი საქმეში კიდევ ერთი მტკიცებულების შესახებ საუბრობს, დაკავებულის ახლობლები კი მასზე თავდამსხმელების გასამართლებასაც ითხოვს
მძიმე დანაშაულში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უკვე ციხის საკანშია. მცხეთის საავადმყოფოდან ის დღეს ბადრაგმა გლდანის ციხეში გადაიყვანა. კლინიკიდან საკანში ეტაპირებას დღეს საავადმყოფოსთან შეკრებილი ხალხი ელოდა.
ოჯახი ამბობს, რომ აგვისტოს ომი მონაწილე აუცილებელი მოგერიების რეჟიმში იყო და სამჯერ თავდასხმის შემდეგ სროლის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.
გლდანის ციხესთანაც და საავადმყოფოსთანაც ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, ვისაც სჯერა, რომ კობიაშვილს თაზო გორთამაშვილის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ის თავს იცავდა. ამბობენ, რომ მუხლები უნდა გადაკვალიფიცირდეს და ყოფილი სამხედრო განზრახ მკვლელობის მუხლით არ უნდა გაასამართლონ.
სახელმწიფო ბრალდება მერაბ კობიაშვილის უმძიმესი მუხლებით ედავება. განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა. ის, რაც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, კობიაშვილის მეუღლეს არწმუნებს, რომ მისი ქმარი აუცილებელი მოგერიების პირობებში იყო და სხვა გზა არ ჰქონდა - უნდა გაესროლა, რომ გადარჩენილიყო. ნატა ქიტესაშვილის იმ პირების დასჯასაც ითხოვს, ვინც ბრალდებულს თავს ესხმის და ფიზიკურად სასტიკად უსწორდება.
საპირისპირო პოზიცია აქვს მოკლული თაზო გორთამაშვილის ოჯახს. მისმა ნათესავებმა და მეგობრებმა მძიმე მდგომარეობის გამო ინტერვიუს ჩაწერა არ ისურვეს, თუმცა პირად საუბარში ყვებიან, რომ გავრცელებული ინფორმაცია თაზოს ბარში მუშაობისა და იქ ტურისტების გამო დაპირისპირების შესახებ ტყუილია. იციან, რომ არსებობს სხვა ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ თაზო გორთამაშვილი სისხლიანი გარჩევის დროს ჩხუბის მონაწილეებს აშველებს და გავრცელებული 2 ვიდეო სრულად არ ასახავს, რა მოხდა სინამდვილეში. გამოძიების მასალებში ნამდვილად დევს კიდევ რამდენიმე ჩანაწერი - რა ხდებოდა მკვლელობის ადგილზე და რა მოხდა იმ ბარში, სადაც კონფლიქტი დაიწყო.
რა იყო კონფლიქტის დაწყების მიზეზი და რატომ არ უზრუნველყო პოლიციამ რამდენიმეწუთიანი ფიზიკური დაპირისპირების დროს მხარეების განეიტრალება - ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.