გურამ სვანიძე დღეს დილით თავში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში შეიყვანეს. ბრალდებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების შემდეგ ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ახალგაზრდა კაცი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სვანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევაც სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
უწყების მტკიცებით გურამ სვანიძემ სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ერთ-ერთ ბადრაგს მაშინ წაართვა, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ერთმანეთს ცვლიდნენ. რის შემდეგაც რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილი პატიმრის ოჯახს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდანა მოღებული კამერების ჩანაწერებს აცნობდნენ. უწყების დატოვების შემდეგ სვანიძის ოჯახის წევრები და ადვოკატი ადასტურებენ გამოძიების ვერსიას, თუმცა ისინი საბადრაგო სამსახურის დაუდევრობაზე საუბრობენ, რადგან სახელმწიფომ პატიმრის დაცვა ვერ შეძლო, ბადრაგის იარაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონეს პირის ხელში აღმოჩნდა, რომლითაც უმძიმესი დაზიანება მიიყენა.
ოჯახის მტკიცებით, ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ ბადრაგები ბრალდებული პატიმრის უკან ციხეში გადაყვანას აპირებდნენ, რაც მათთვის წარმოუდგენელია. პატიმრის ოჯახის წევრებს ბევრი კითხვა აქვთ, როგორ აღმოჩნდა ღია სივრცეში მძიმე პაციენტი, როგორ მოახერხა პატიმარმა იარაღის წართმევა და როგორ მიიყენა თვითდაზიანება.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომძიებლებმა დაკითხეს რამდენიმე ბადრაგი და კლინიკის თანამშრომლები. ცენტრში მომხდარზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.