
ოჯახის წევრები დაჭრილი პატიმრის ისრაელში გადაყვანას ითხოვენ. ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში იმყოფება - "გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი გადარჩენა, არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი. ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, ვისაც ეხება სასჯელაღსრულება, ვთხოვ მომეხმარონ და გადამაყვანინონ, გადამარჩენინონ ბავშვი. გვინდა მისი ისრაელში გადაყვანა“, – ამბობს დაჭრილის დედა ნათია შენგელია.
ოჯახის წევრები და ადვოკატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურში დღეს ინციდენტს ამსახველ ვიდეოჩანაწერებსა და საქმის მასალებს გაეცნენ. ადვოკატმა უწყების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება მომხდარის შესახებ, დაადასტურა , თუმცა თქვა, რომ საქმე გვაქვს ბადრაგის დაუდევრობასთან:
“როგორც განმარტავენ, იცვლება სმენა, გურამ სვანიძე დგას კარებში. აქ მოძრაობს საბადრაგო სამსახურის 4-5 თანამშრომელი, ერთ-ერთი მივიდა და იარაღიანი მხარით დაახლოებით 1 მეტრში გაუჩერდა. ფაქტობრივად საშუალება მისცა, იარაღი ამოეღო. ამის შემდეგ სვანიძე იღებს იარაღს. თანამშრომელი გაიქცა. როდესაც “კაბურას” ხსნიდა, თანამშრომელს შეეძლო დაეჭირა, მაგრამ ეტყობა, დაიბნა. გურამ სვანიძე ორჯერ ისვრის, ოღონდ არავის თავს არ დასხმია. ვინმესთვის არ უსვრია. შედის ცალკე კამერაში, სადაც თავში ისროლა.
აქ ხომ, სავარაუდოდ, ფსიქიკურ დაავადებებთან გვაქვს საქმე. რატომ დაუდგა ასე, რატომ მისცეს საშუალება რომ იარაღი აეღო. ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობაა. მათი დაუდევრობა რომ არა, იარაღი არ ჩაუვარდებოდა და ეს არ მოხდებოდა"- განაცხადა ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, 28 წლის გურამ სვანიძე დღეს, 20 აგვისტოს, დილით თავში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში შეიყვანეს. ახალგაზრდა კაცი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სვანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევაც სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გურამ სვანიძემ სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ერთ-ერთ ბადრაგს მაშინ წაართვა, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ერთმანეთს ცვლიდნენ, ორჯერ გაისროლა და შემდეგ თავში დაზიანება მიიყენა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.