"ბეისბოლის ბიტები და დანა დაარტყეს, 4 კაცი გაუსწორდა" - თელავში დაჭრილი კაცი საავადმყოფოში რჩება

გამოქვეყნდა:

თელავში, დაპირისპირების დროს დაჭრილი 50 წლის ივანე მასურაშვილი საავადმყოფოში რჩება. მას დაზიანებები ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, კაცს გუშინ ღამით 4 ადამიანი, როგორც ბლაგვი საგნით, ისე ცივი იარაღით გაუსწორდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მასურაშვილი საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და ბიზნესი წამოიწყო. მას თელავში ორი მაღაზია აქვს. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება ვალის გამო მოხდა. 

"ვითომ ვალი ჰქონდა ჩვენიო, ეგ გამორიცხულია. ბეისბოლის ბიტებით უბრახუნეს, თან დანა დაარტყეს, საავადმყოფოშია. ერთს ვიცნობ, ნაცარაშვილია, დაიჭირესო, თვითონ, თავის შვილია და კიდევ ყოფილა ორი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შსს-მ გამოძიება ცემისა და განზრახ სხეულის მსუბუქი დაზიანების მუხლებით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი