
გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება არაკვალიფიციურად მიმდინარეობს - ასე აფასებს საგამოძიებო ორგანოების ქმედებებს ოპოზიცია. მათი ვარაუდით, ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალურ სამყაროსთან, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეებს დროულად და ობიექტურად არ იძიებენ.
ოპოზიციას შაქარაშვილის საქმეზე კითხვები აქვს ექსპერტიზასთან და გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს ხელისუფლების დაინტერესებაზე, არ გაირკვეს, რა მოხდა რეალურად.
ძალიან ბევრი კითხვებია გამოძიების მიმართულებით, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების, ასევე ექსპერტიზის მიმართულებით, რითი დადგა გარდაცვალება ახალგაზრდა ადამიანის და რატომ იყვნენ და ვინ არიან ეს ზონდერ სპორტსმენები, რომლებიც სარგებლობენ ძალიან მაღალ წრეებში მფარველობით, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ კახიძე სვამს კითხვას, რატომ იგვიანებს ექსპერტიზა და რა არის შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი.
ეს საკითხები სანამ არ გაირკვევა, ეს საქმე არ არის გახსნილი და ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა მოლოდინი, რომ ყველაფერს მოეფინება ნათელი, რომ ხელს არავის დააფარებენ, მტკიცებულებები არ განადგურდება და მართლმსაჯულება აღსრულდება, არ არის, - აცხადებს იგი.
მოძრაობა "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარეობს არა გამოძიება, არამედ ტელეგამოძიება და მას უკან ძლივს მიჰყვება ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები.