სასამართლომ არტურ მკოიანს 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა | შსს ენმ-ის წევრის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკისა და მისი დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი გახდა ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. 

"გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა.

გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ არტურ მკოიანი სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამინისტრო "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ განცხადებები პოლიტიკური დევნის შესახებ "სიმართლეს არ შეესაბამება".

"ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა.

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი