ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მასთან ციხეში მხოლოდ ერთხელ იყო შესული, კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ ჰქონიათ და პირველივე შეხვედრაზე ჰონორარზე ვერ შეთანხმდნენ:
"მისივე თხოვნით ჩავერთე, კონტრაქტი გავაკეთეთ ოჯახთან, შევედი ერთხელ, ვისაუბრეთ, უბრალოდ ვერ შევთანხმდით რაღაც პირობებზე, მათ შორის ჩემ ჰონორარზე და მას მერე აღარ მქონია არანაირი კომუნიკაცია. რატომ იყენებს ამას ეხლა, რატომ ამბობს ასეთ რამეს, ვერაფერს ვერ გეტყვით.
მსგავსი არაფერი, კონკრეტულ საქმეზე ლაპარაკი არ ყოფილა. პირველი შეხვედრა იყო ჯერ ჩვენ პირობებზე უნდა ჩამოვყალიბებულიყავით." ამბობს ადვოკატი "მთავარ არხთან"
სუს-ის ყოფილმა უფროსმა დღეს მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ადვოკატ მჭედლიშვილს "შიკრიკად" მოიხსენიებს და წერს რომ სწორედ მისი მეშვეობით შემოუთვალა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კონკრეტული პირობები. მაგალითად ის, რომ აფგან მუხთარლიზე გაკეთებული განცხადება უკან წაეღო და ეთქვა, რომ "აღელვებულმა დაწერა".
გოგაშვილის ინფორმაციით, ეს ყველაფერი გომელაურის მეოთხე სატელეფონო ზარის შემდეგ მოხდა. სანაცვლოდ, გოგაშვილმა ადვოკატს საკუთარი პირობები დააბარა გომელაურთან, რის შემდეგაც, როგორც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, მჭედლიშვილი აღარ უნახავს.