გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება - ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

გამოქვეყნდა:

გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება - ვანო მერაბიშვილმა ციხის დატოვების შემდეგ პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერი, რომელმაც  ციხეში თითქმის 7 წელი გაატარა აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

მისი თქმით, ფაქტი, რომ დღეს სრული ოპოზიციური სპექტრი ერთიანია და ხელისუფლებას ოპონირებას უწევს მისასალმებელია. მერაბიშვილი აცხადებს, რომ ის უახლოეს დღეებში გამართავს შეხვედრებს იმ პოლიტიკოსებთან, რომელთან ერთადაც ხელისუფლებაში იყო. მისი თქმით, ის შეხვდება ყველას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს და უფრო კონკრეტულად საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე შემდეგ ისაუბრებს. 

"ცხრა წელიწადი და ექვსი თვე სამარტოო საკანში ვიმყოფებოდი. მე ვარ კმაყოფილი, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს. ამან მომცა რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა, იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოსცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის გათავისუფლდება. მახარებს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით დავამარცხებთ რეჟიმს"- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკურ პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას. ყოფილი მინისტრის განცხადებით, ის ყველა ძველ პოლიტიკურ მეგობარს შეხვდება და განცხადებას, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის რიგებში ჩადგება, მოგვიანებით გააკეთებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი