
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის აგვისტოში შესყიდული დოლარის ნახევარზე მეტი აგვისტოშივე ისევ გაყიდა. მორიგი სავალუტო აუქციონი სებ-მა დღეს გამართა და ბაზარს 32,305 მლნ დოლარი მიაწოდა. 20 დღის წინ კი იგივე აუქციონით ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი ამოიღო.
აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ლარი მყარდებოდა, სებ-მა ბაზრიდან 70 მლნ დოლარი ამოიღო. სავალუტო აუქციონები 1-ელ, 5 და 10 აგვისტოს გაიმართა. პირველ ჯერზე ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი იყიდა, მეორედ - 20 მლნ დოლარი, მესამედ, 10 აგვისტოს კი ბაზრიდან 40 მლნ დოლარი ამოიღო.
თუმცა 17 აგვისტოს, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, სებ-ს ნაყიდი დოლარის კვლავ გაყიდვა მოუწია. ამ დროს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 8,305 მლნ დოლარი მიაწოდა, დღეს კი 32,305 მლნ დოლარი. საბოლოო ჯამში, 2 კვირაში სებ-მა 40,610 მლნ დოლარი გაყიდა. შედეგად გამოდის, რომ ერთ თვეში სებ-მა ბაზრიდან ამოღებული დოლარის 58% ისევ ბაზარს დაუბრუნა.
წყარო: bpn.ge