
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში 23 წლის ბიჭი დაჭრეს და მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ დაჭრილმა მათთან საუბრისას თქვა, რომ სასწრაფოს მოსვლამდე, სამედიცინო დაწესებულებაში პოლიციის თანამშრომელმა წაიყვანა.
გამოცემის ცნობითვე, შემთხვევა სოფელ სხვილისის ცენტრში 29 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16:30 საათისთვის მოხდა. თანასოფლელმა ს.ი-მ შელაპარაკების შემდეგ 23 წლის აკოფ გიჩიან დაჭრა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე პოლიციელიც იმყოფებოდა.
„მე და ალიკა, რომელიც პოლიციაში მუშაობს ვლაპარაკობდით. ცოტა ხნით გავჩერდი, რადგან ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდი. ამ დროს მოვიდა ს.ი. და ალიკას დაუწყო გაფრთხილებები. რაღაცებს ეუბნებოდა - ასე გააკეთებ ისე გააკეთებო, ნასვამი იყო. ჯერ ალიკას აფრთხილებდა, მერე მეც დამიწყო - ამას გიზამ იმას გიზავო. მე ვუთხარი, მე რა შუაში ვარ საერთოდ-თქო. ალიკამ უთხრა, წადი, მერე მოვალ და ვილაპარაკოთო...
[...]
მე წამოვედი, ჯერ მხარზე ხელი დამარტყა, მერე დანის მსგავსი ყელთან. მეც დავარტყი, მერე ისევ დამარტყა ეს დანა, სულ ოთხი ჭრილობა მაქვს. სისხლში ვცურავდი. სასწრაფოში დარეკეს იქ იმდენი რამე იკითხეს ამასობაში ალიკამ თავის მანქანით წამიყვანა საავადმყოფოში“,- იხსენებს მომხდარს აკოფ გჩიანი.