
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის 112-ის ოპერატორთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. აუღელვებელი ხმა, ოპერატორის დაგვიანებული და არაადეკვატური რეაგირება და პოლიციის უუნარობა, მიაგნოს დანაშულის ადგილს - ამ სამწუთიანი საუბრიდან ბევრი ფაქტორი მეტყველებს, რომ ჩანაწერი არ არის ავთენტიკური.
ხელისუფლების ოპონენტებს და ექსპერტ-კრიმინალისტებს უჩნდებათ კითხვა - რაში სჭირდება საგამოძიებო უწყებას ყალბი მტკიცებულების შექმნა და მისი გამოქვეყნება?
შსს-ს მიერ გავრცელებულმა ჩანაწერებმა საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაუტოვა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იაკობ ბრეგვაძის აუღელვებელი ხმა და 112-ის ოპერატორის არცთუ ისე სწრაფი რეაგირება ხელოვნურად შექმნილია, რის გამოც ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩანაწერი ყალბია და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ავთენტურობის დადგენაა.
ზარი ნამდვილიც რომ იყოს, საქმეში შეკითხვები მაინც რჩება. ფოტოგრაფი 112-ის ოპერატორს თავის ადგილმდებარეობას უხსნის, ეუბნება, რომ ის ''ქებაბ ჰაუსში'' იმყოფება, თუმცა ჩანაწერის მიხედვით, სამართალდამცველები მას მაინც ვერ პოულობენ.
ადგილს, რომელსაც პოლიციელები დიდი ხანი ეძებდნენ, ექსპერიმენტის საშუალებით მარტივად მივაგენით. შედეგმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელი იყო მცხეთის პოლიციას ვერ ეპოვნა ტერიტორია, რომელიც მათგან 8 წუთის სავალზე, პირდაპირ მცხეთის მაგისტრალზე იყო. ექსპერიმენტი სწორედ პოლიციიიდან დავიწყეთ. ჩავრთეთ ნავიგაცია და მივყევით მიმართულებას.
ჩანაწერის მიხედვით, 112-ის ოპერატორი იაკობ ბრეგვაძეს კითხვას დაშავებულების შესახებაც უსვამს. ფოტოგრაფი უდასტურებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილეებს შესაძლოა დაზიანებებიც ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორმა შეტყობინება სასწრაფო დახმარების ცენტრაც გადასცა, საბედისწერო ღამეს მედიკოსები არსად გამოჩენილან.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს არც ოქმი შეუდგენიათ და არც საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარებიათ, თუმცა ყოფილი პოლიციელები იხსენებენ, რომ ამ პროცედურის გავლა მათი უპირველესი ვალდებულება იყო.
ის, რაც კადრებში ნათლად ჩანს, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო. ვლადიმერ ბოცვაძე, დღეს განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ამ ვიდეოკადრებში "შკოდა" კი არა, თეთრი ფერის "ტოიოტა პრიუსის" მარკის ტაქსი ჩანს.
მინისტრის მოადგილის განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას, სადაც წერია, რომ შემთხვევის ადგილიდან ის "შკოდას" მარკის ავტომობილით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წამოიყვანა.
ახლა გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობას ადგილი. თუ გენერალური ინსპექცია პატრულ-ინსპექტორების შეცდომებს აღმოაჩენს, საქმე გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადაეცემა.