კალაძე მედიის წინააღმდეგ -"ტვ პირველსა" და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის და 100 000 ლარს ითხოვს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს უჩივის. კახა კალაძე სამართლებრივ დავას იწყებს და მოპასუხისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვს.

მერის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა გაახმოვანა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის” ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა თქვა - "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია".

ადვოკატ გაბუნიას თქმით, ჟურნალისტის განცხადება  მიზნად ისახავდა კალაძის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის შელახვას.

„სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს.

გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი ,,ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით, კალაძემ 20 ივნისს მიმართა საქალაქო სასამართლოს სარჩელით ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო შესაბამისი სარჩელი ,,ტვ პირველსა” და მაია მამულაშვილს 24 აგვისტოს ჩაბარდა. ადვოკატის თქმით, მათ წერილობითი პასუხის წარმოსადგენად 3 დღე დარჩათ.

კალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მედიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს - "იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”, - ამბობს მერი კალაძის ადვოკატი გაბუნია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი